კალაძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშს ეხმაურება

მერის განმარტებით, დამტკიცებული ხეების ჩამონათვალი აღარ იძლევა იმის საშუალებას, რომ გამწვანების ღონისძიებები კერძო ინტერესსა და გემოვნებაზე იყოს მორგებული.
Sputnik

თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. „მერია ამჟამად სწორი მიმართულებით მიდის და რეფორმების განხორციელება, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ კონკრეტულად ეკოლოგიის და გამწვანების მიმართულებით, სწორი ნაბიჯია“, — თბილისის მერი კახა კალაძე მერიაში გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშს ეხმაურება.

მერი აცხადებს, რომ აღნიშნული დასკვნით კიდევ ერთხელ დასტურდება მერიაში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების სისწორე.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში წერია, რომ 2015-2016 წლებში დარგული ხე-მცენარეების მესამედი გამხმარია, რითაც თბილისის მერიამ გამწვანების მიმართულებით გამოყოფილი თანხები არაეფექტურად დახარჯა. აუდიტმა მოცემულ პერიოდში მერიის მუშაობაში სხვა დარღვევებიც აღმოაჩინა.

ხარისხი უპირველეს ყოვლისა - კალაძემ თანამშრომლებს ყურადღებისკენ მოუწოდა

კალაძის განმარტებით, დამტკიცდა ქალაქის გამწვანებისათვის გათვალისწინებული ხეების ჩამონათვალი, რაც აღარ იძლევა იმის საშუალებას, რომ გამწვანების ღონისძიებები კერძო ინტერესსა და გემოვნებაზე იყოს მორგებული.

„არ უნდა დავივიწყოთ, რომ გამწვანება საკმაოდ რთული, მიმართულებაა და მისი ღონისძიებები მხოლოდ დარგვით არ შემოიფარგლება. თითოეულ ნარგავს სჭირდება სათანადო მოვლა-პატრონობა, რათა შედეგი იყოს რეალურად გამწვანებული გარემო“, — აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული როგორც მუნიციპალიტეტის, ისე სამთავრობო დონეზე.

„ჩვენ განვახორციელეთ მთელი რიგი სამართლებრივი და ინსტიტუციური ცვლილებები. ვარეგულირებთ თბილისში ნებისმიერი ტიპის მწვანე ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხს და ეს შესაძლებლობას მოგვცემს, თბილისის სამომავლო გამწვანება იყოს ეფექტიანი და გავლენა მოახდინოს დედაქალაქის ეკოლოგიაზე“, — განაცხადა თბილისის მერმა.