დუშეთში მდებარე ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

შუა საუკუნეების ეკლესიაში წირვებს შიო არაგვისპირელის მამა ასრულებდა
Sputnik

თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. დუშეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქაისხევში მდებარე შუა საუკუნეების წმინდ ა გიორგის სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა, ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში

ყვარელში ყარაჯაანთ ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ეკლესია დარბაზულია და ნაშენებია რიყით და ქვიშაქვით. 

„კარი არქიტრავული გადახურვით სრულდება. კარის ჭრილი შიდა მხარეს უფრო ფართოა. თაღოვანი, შიგნით გაფართოვებული და გარეთკენ შევიწროვებული თითო სარკმელი აღმოსავლეთის, დასავლეთის და სამხრეთის კედლებშია. აბსიდა ნახევარწრიულია (1.6 მ სიღრმე). აბსიდის ღერძზე სარკმელია გაჭრილი, მის ორივე მხარეს ქვედა დონეზე, თითო განიერი და თაღოვანი ნიშაა გაკეთებული“, — ნათქვამია განცხადებაში.

საკურთხევლის შუაში ერთ ქვაში ნათალი ტრაპეზი დგას. გრძივი კედლები ორი წყვილი პილასტრითაა დანაწევრებული, რომელებზეც გადასული თაღი კამარის საბჯენი უნდა ყოფილიყო.

სააგენტოში აღნიშნავენ, რომ წმინდა გიორგი სახელობის ტაძარში შიო არაგვისპირელის მამა სწირავდა.