თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. თავდაცვის სამინისტრო საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ახალგაზრდების მოსაზიდად აგრესიული PR-კომპანიის ჩატარებას გეგმავს, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ვადიანი და საკონტრაქტო სამხედრო სამსახური არსებობს. საკონტრაქტო სამსახური ნებაყოფლობითია, ვადიან სამსახურში გაწვევა წელიწადში ორჯერ ხდება. 2018 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში 37 000 სამხედრო მოსამსახურე მსახურობს.
„ჩვენ ვიწყებთ ძალიან ამბიციური სტრატეგიის განხორციელებას, რომელსაც ეწოდება „ტოტალური თავდაცვის PR-სტრატეგია“, რომელიც ვადიან და საკონტრაქტო სამსახურში ახალგაზრდების მოზიდვის მიზნით აგრესიული PR-კამპანიის დაწყებას გულისხმობს. ვიზიტები განხორცილედება სკოლებში, უმაღლეს სასწავლო დაწესებულოებებში, რეგიონებში. ჩვენ უახლოეს დროს წარვუდგენთ მას მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს“, — განაცხადა იზორიამ.
ამჟამად საქართველოს პარლამენტი იხილავს ახალ კანონს „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“, რომლის თანახმად ვადიან და საკონტრაქტო სამსახურს შეიძლება დაემატოს სამსახური აქტიურ რეზერვში, რომელიც ასევე კონტრაქტით განხორციელდება. პირველ ეტაპზე ამ სამსახურში 260 ადამიანის გაწვევა იგეგმება.