საფრანგეთში „ქურდულ სამყაროსთან" კავშირში ბრალდებული საქართველოს 8 მოქალაქე დააკავეს

დაკავებულებს ბრალად ედებათ ქურდობა და ე.წ. „ქურდული ობშიაკის„ შევსება.
Sputnik

თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ფრანგ კოლეგებთან ერთად პარიზში ჯგუფურ ქურდობასა და ნაქურდალი ნივთების შენახვაში ბრალდებული, კრიმინალური დაჯგუფების წევრი საქართველოს რვა მოქალაქე დააკავეს, განაცხადა შსს–ს წარმომადგენელმა დავით ლაცაბიძემ ბრიფინგზე.

საქართველოს შსს–ს ინფორმაციით, ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრებმა საფრანგეთში 2017 წლის მარტიდან არაერთი ქურდობა ჩაიდინეს. ბრალდებულთა საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას პოლიციამ მობილური ტელეფონები, პორტატული კომპიუტერები, ოქროს ნივთები, სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები, ქართული და ფრანგული საბანკო ბარათები და თანხა ამოიღო. 

უკრაინიდან ქართველი „კანონიერი ქურდი“ გამოაძევეს

„აღნიშნული დაჯგუფების მიერ მოპარული ნივთების გაყიდვიდან შემოსული თანხის ნაწილით ე.წ. ქურდული ობშიაკი ივსებოდა“, – განაცხადა შსს–ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ დავით ლაცაბიძემ ბრიფინგზე.

ქართული პოლიციის მონაცემებით, დანაშულებრივი დაჯგუფების  წევრებს კავშირი ჰქონდათ 2017 წელს პარიზში დაკავებულ „კანონიერ ქურდებთან“. საუბარი ეხება ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების 35 წევრს, რომელთაგან ხუთი „კანონიერი ქურდი“ იყო. მოგვიანებით საქართველოს შსს–მ განაცხადა, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფების 26 წევრის დაკავება ფრანგ კოლეგებთან თანამშრომლობის ფარგლებში გახდა შესაძლებელი. 

შსს–ში განაცხადეს, რომ ინტენსიურად თანამშრომლობენ სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცველ ორგანოებთან. დანაშაულთან ბრძოლა აქტიურ ფაზაშია.

საქართველო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით პოლიციის ატაშეს ინსტიტუტის გაძლიერებას გეგმავს.