პოლიცია აჭარაში 12 წლის გოგონას შესაძლო გაუპატიურებას იძიებს

სკოლაში გოგონას, რომელიც შემდეგ სამი დღით გაუჩინარდა, სავარაუდოდ, წვერიანი უცნობი მამაკაცი აკითხავდა.
Sputnik

თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აჭარაში, ხელვაჩაურის რაიონის ერთ-ერთ სოფელში 12 წლის გოგონასთან შესაძლო სექსუალური კონტაქტის დამყარების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия შსს-ს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

ბავშვის ბებიამ პოლიციას მას შემდეგ მიმართა, რაც მისი შვილიშვილი სამი დღით გაუჩინარდა. ინციდენტი ერთი კვირის წინ მოხდა.

შსს: საქართველოში წელს 11 არასრულწლოვანი გააუპატიურეს

ტელეარხი Rustavi2 ოჯახის მეზობლებზე დაყრდნობით იუწყება, რომ გოგონას სკოლაში უცნობი წვერიანი მამაკაცი აკითხავდა.

ეჭვმიტანილის ვინაობა დადგენილი არ არის. პოლიცია ექსპერტიზის პასუხს ელოდება იმასთან დაკავშირებით, ჰქონდა თუ არა ვინმეს გოგონასთან სექსუალური კონტაქტი.

ბავშვი უკვე მოინახულეს სოციალურმა მუშაკებმა.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით, რომელიც ითვალისწინებს სექსუალური ხასიათის მოქმედებას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან. დანაშაული შვიდიდან ცხრა წლამდე პატიმრობით ისჯება.