საქართველოში საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება

იმისათვის, რომ გამოსაშვებ გამოცდებზე ზღვარი გადალახოს, მოსწავლემ დაახლოებით 15 მარტივ კითხვას უნდა გასცეს სწორი პასუხი
Sputnik

თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. სასკოლო-საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმით ჩატარდება, უკვე დაზუსტებულია 2017-2018 წლისათვის გასათვალისწინებელი სიახლეები,  ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ცვლილების მიხედვით, ტესტირების დასრულების შემდეგ მოსწავლე კომპიუტერის ეკრანზე დაინახავს არა ქულას, არამედ შეტყობინებას იმის შესახებ, გადალახა თუ არა კომპეტენციის მინიმალური ზღვარი, ანუ  მიიღო მინიმალურ 5.5 ქულაზე მეტი თუ ნაკლები. 

აბიტურიენტების საყურადღებოდ: სიახლეები 2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე

ცენტრის ინფორმაციით, იმისათვის, რომ გამოსაშვებ გამოცდებზე ზღვარი გადალახოს, მოსწავლემ დაახლოებით 15 მარტივ კითხვას უნდა გასცეს სწორი პასუხი.

„გამოსაშვები გამოცდები წელსაც ორ ეტაპად, მე-11 და მე-12 კლასებში ჩატარდება. მე-11 კლასის მოსწავლეები სასწავლო წლის ბოლოს იმ საგნებს აბარებენ, რომელთა სწავლაც დაასრულეს (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია). დარჩენილ 4 საგანში კი ტესტირებას (მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, ისტორია) მოსწავლეები სკოლის დამთავრებისას გადიან“, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით,  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ–გვერდზე თითოეული საგანისათვის  დამატებითი ნიმუშები უახლოეს დღეებში გამოქვეყნებდა. 

2017 წელს საქართველოში 11 ათასამდე სკოლის მოსწავლემ ვერ შეძლო გამოსაშვები გამოცდების ჩაბარება.   დამამთავრებელ გამოცდებს 40 ათასზე მეტი მოსწავლე აბარებდა საქართველოს 1500-ზე მეტ სკოლაში.

სკოლის დამამთავრებელი გამოცდები კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების ქართული მოდელით (geCat) ტარდება. მოსწავლის შესაძლებლობებზე მორგებული ტესტირების ქართული ვერსია — ალგორითმი და პროგრამული უზრუნველყოფა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში შეიქმნა.