საქართველოს პრეზიდენტი ლიტვაში დამოუკიდებლობის ასი წლისთავის აღსანიშნავად გაემგზავრება

ლიტვაში ქვეყნის დამოუკიდებლობის საიუბილეო დღესასწაულთან დაკავშირებით გაემგზავრებიან საქართველოს, უკრაინის, გერმანიის, პოლონეთისა და სხვა ქვეყნების პრეზიდენტები
Sputnik

თბილისი, 15 თებერვალი  — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხუთშაბათს სამუშაო ვიზიტით ლიტვაში მიემგზავრება, სადაც პარასკევს მონაწილეობას მიიღებს ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებში, ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ლიტვის პრეზიდენტის, დალი გრიბაუსკაიტეს სახელით გამართულ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ ასევე ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთის, გერმანიის, ფინეთის, ისლანდიის, უკრაინის პრეზიდენტები, შვედეთის ხელისუფლებისა და ევროპული სტრუქტურების წარმომადგენლები.

ეკლესიის როლი საქართველოს სახელმწიფოებრიობაში: თბილისში კონფერენცია ტარდება

მარგველაშვილი პარასკევს ასევე გამართავს ორმხრივ მოლაპარაკებებს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან და მათთან საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებზე იმსჯელებს.

წელს, 26 მაისს საქართველოს  პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის იუბილეს აღნიშნავს. მარგველაშვილმა ამ თარიღთან დაკავშირებით რიგი ქვეყნების ლიდერები უკვე მოიწვია საქართველოში.

საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას მეთაურობით 1918 წლის 26 მაისს ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორნახევარი წელი იარსება.