თბილისში დასრულდა ჰიდროენერგეტიკის საერთაშორისო კონგრესი

თბილისმა მეორედ უმასპინძლა საერთაშორისო კონგრესს „ჰიდროენერგეტიკა. კასპიის ზღვა და ცენტრალური აზია“, რომელზეც შეიკრიბნენ ენერგეტიკის სფეროს ექსპერტები, კერძო სექტორის წარმომადგენლები და სახელმწიფო მოხელეები ახლო და შორეული ქვეყნებიდან
Sputnik

თბილისი, 15 თებერვალი  — Sputnik. თბილისში დასრულდა ორდღიანი საერთაშორისო კონგრესი „ჰიდროენერგეტიკა. კასპიის ზღვა და ცენტრალური აზია“, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი.

კონგრესი, რომლის მთავარი თემა იყო რეგიონის ჰესების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის პროექტების ეფექტური რეალიზაციისთვის გადაწყვეტილებების ძიება და ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმომადგენელთა ძალისხმევის კონსოლიდირება, დედაქალაქში 14 თებერვალს დაიწყო. ღონისძიებას თბილისმა უკვე მეორედ უმასპინძლა.

ენგურჰესის რემონტი - რუსი სპეციალისტების რეკომენდაციები

„ჩატარებული პლენარული სხდომების, მრგვალი მაგიდების ფარგლებში სხვადასხვა საკითხი განიხილებოდა, რომლებიც აქტუალურია ჰიფროენერგეტიკის სფეროსთვის. ზოგიერთი მონაწილე გვიზიარებდა რეალიზებული პროექტების კუთხით თავის გამოცდილებას. ამ ღონისძიებას, უდავოა, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით, რადგან შეგვიძლია ამ შეხვედრების გამოყენება, რომ ურთიერთობა გვქონდეს ჩვენს უცხოელ კოლეგებთან. ეს ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა „Sputnik–საქართველოსთან“ ინტერვიუში კონგრესის მონაწილემ რუსეთიდან, მანქანათმშენებლობის კომპანია „ელსიბის“ წარმომადგენელმა კონსტანტინ ფიოდორენკომ. 

კონგრესის ძირითადი მომხსენებლები იყვნენ „თელასის“ გენერალური დირექტორი სერგეი კობცევი, ყირგიზეთის მრეწველობის, ენერგეტიკისა და წიაღის სარგებლობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე აზამატ ომოროვი და „ინსტიტუტი ჰიდროპროექტის“ გენერალური დირექტორი ევგენი ბელენდირი.

კონგრესში ასევე მონაწილეობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik-საქართველო" 2018 წელს კონგრესის ოფიციალური საინფორმაციო პარტნიორი გახდა.

საერთაშორისო კონგრესი „ჰიდროენერგეტიკა. კასპიის ზღვა და ცენტრალური აზია" პირველად 2017 წლის 15-16 თებერვალს თბილისში გაიმართა. კონგრესზე შეიკრიბა ენერგეტიკის სფეროს 100-ზე მეტი ექსპერტი, კერძო სექტორის წარმომადგენელი და სახელმწიფო მოხელე შორეული და ახლო უცხოეთის ქვეყნებიდან.