რატომ გაათავისუფლა კალაძემ თანამშრომლები

მერის დავალებით, თანამდებობიდან გათავისუფლდებიან თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ის თანამშრომლებიც, რომლებიც მეტროს სადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის სატენდერო პროცედურებში იყვნენ ჩართული.
Sputnik

თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მერიის კეთილმოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის ორი თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა, აღნიშნულია ქალაქის მერიის განცხადებაში

დედაქალაქის მერმა თანამშრომლები პირთა მიერ ინტერესთა შეუთავსებლობის წესის დარღვევის, კერძოდ, ოჯახის წევრებთან დაკავშირებულ საქმისწარმოებაში მიკერძოებული გადაწყვეტილებების გამო გაათავისუფლა.

თბილისის მერიის თანამშრომლები გამოცდებს კიდევ ერთხელ ჩააბარებენ

„მერიის შიდა აუდიტის სამსახურმა რამდენიმე სამსახურის მიმართულებით დაიწყო მოკვლევა და კონკრეტული დარღვევები გამოიკვეთა. კერძოდ, ადგილი ჰქონდა ოჯახის წევრებთან დაკავშირებულ საქმისწარმოებაში მიკერძოებულ გადაწყვეტილებებს. მსგავსი ფაქტები, რა თქმა უნდა, ცუდად აისახება თბილისის მერიის იმიჯზე და მერიის თანამშრომლების მუშაობის ხარისხზე“, — განაცხადა კახა კალაძემ.

აღნიშნულ საკითხზე დაწყებული მოკვლევის დასრულება და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება აუდიტის სამსახურის უფროსსა და თბილისის ვიცე-მერს დაევალათ.

ასევე, მერის დავალებით, თანამდებობიდან გათავისუფლდებიან თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ის თანამშრომლები, რომლებიც მეტროს სადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის სატენდერო პროცედურებში იყვნენ ჩართული.

„აშკარაა, რომ სამუშაოების შესრულების დროს ხარვეზები იყო — დაწყებული საპროექტო სამუშაოების შესყიდვებიდან, დამთავრებული სამშენებლო სამუშაოების წარმოების პროცესით. სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს მამუკა კობახიძეს მინდა დავავალო, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებული პოზიციებიდან ის ადამიანები, რომლებიც სატენდერო პროცედურებში იყვნენ ჩართული“, — განაცხადა კალაძემ.

კალაძე: ყველა დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება

30 იანვარს მეტროს სადგურ „ვარკეთილში“ ე.წ. დაკიდული ჭერის კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთ-ერთი პოლიციელი. ისინი სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულების უმეტესობას მოტეხილობები აღენიშნებოდა. თბილისის მერმა კახა კალაძემ პირობა დადო, რომ მომხდარში დამნაშავეები მკაცრად დაისჯებოდნენ.

კახა კალაძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებსა და გამგეობების წარმომადგენლებს მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხის კონტროლზე ყურადღების გამახვილება სთხოვა და აღნიშნა, რომ არც ერთ საპროექტო დოკუმენტაციას არ მიეცემა მსვლელობა ტექნიკური და ხარისხობრივი ექსპერტიზის ჩატარებამდე.