თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. თბილისის მერიამ შეიმუშავა პროექტი „შენი იდეა ქალაქის მერიას", რომელიც თბილისელებს ქალაქის განვითარებაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას აძლევს, განაცხადა კახა კალაძემ პროექტის პრეზენტაციაზე.
თბილისის მერმა არაერთხელ განაცხადა, რომ ქალაქის ხელისუფლება მოსახლეობასთან მაქსიმალური თანამშრომლობის მომხრეა. ინოვაციური პროგრამის პრეზენტაცია კალაძემ ჯერ კიდევ 2017 წლის დეკემბერში დააანონსა. მერის სიტყვებით, ახალი პლატფორმის იდეა და არსი ის არის, რომ ქალაქის განვითარებაში ხალხის მაქსიმალური რაოდენობა იყოს ჩართული.
პრეზენტაციაზე კალაძემ განაცხადა, რომ სურვილი აქვს დაანგრიოს არსებული სტერეოტიპი – რომ ქალაქის მერის არჩევით თბილისელები დედაქალაქის განვითარებაზე პასუხისმგებლობას იხსნიან.
„მე ვფიქრობ, რომ ეს არასწორი მიდგომაა. რა თქმა უნდა, ჩვენ პასუხისმგებლობა გვაქვს ქალაქის განვითარებაზე, პროგრესზე, კეთილმოწყობაზე და ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, შევძლებთ. თუმცა, მინდა, რომ ყოველივე ამაში ჩართული იყოს დედაქალაქის მოსახლეობა, თითოეული თქვენგანი. შესაბამისად, ჩვენ დავიწყეთ მუშაობა, რომ შევქმნათ სპეციალური პროგრამა, სადაც მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება წარმოაჩინოს საკუთარი იდეები, კონკრეტული პროექტები, რა შეიძლება გაკეთდეს და როგორი პროექტი განხორციელდეს ქალაქში", — განაცხადა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ პლატფორმის შემუშავებისას მთავარი პრინციპი უბრალოება იყო. გარდა იმისა, რომ ადამიანები შეძლებენ წარმოადგინონ საკუთარი პროექტები, მათ ექნებათ შესაძლებლობა წარმოდგენილი პროექტები განიხილონ, კენჭისყრაზე დააყენონ, შემდეგ კი პროექტი მერიაში განსახილველად გადაგზავნონ.
„რა თქმა უნდა, თუ პროექტი საინტერესო იქნება, ჩვენ თქვენ მისი განხორციელების შესაძლებლობას მოგცემთ. იმედი მაქვს, რომ ბევრი ჩაერთვება, რამდენადაც, როდესაც ჩვენ ქვეყნის განვითარებაზე ვსაუბრობთ, ყოველთვის უნდა შევძლოთ ამის გაკეთება. მჯერა, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ ყველა იმ პრობლემის გადაჭრას, რომელიც თითოეული თქვენგანისთვის არის მნიშვნელოვანი", — განაცხადა კალაძემ.
თითოეულ მსურველს შეუძლია წარმოადგინოს საკუთარი იდეა და პროექტი, ამისთვის ვებ-გვერდზე რეგისტრაციის გავლაა საჭირო.
იდეის განხილვა ოთხი ეტაპისგან შედგება. პირველ ეტაპზე დარეგისტრირებულ იდეას საიტის ადმინისტრაცია განიხილავს. მეორე ეტაპზე შესაძლებელია იდეას ხმა მისცეთ. მესამეზე — მერი წარმოდგენილი იდეის შესახებ დადებით ან უარყოფით გადაწყვეტილებას იღებს, მეოთხე ეტაპზე კი მერიის სტრუქტურები იდეის განხორციელების შესაძლებლობებს იხილავენ.