თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. დიდი ბრიტანეთის დედაქალაქის სიდიდით მეხუთე აეროპორტი „ლონდონ-სიტი“, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, დროებით დაიკეტა მას შემდეგ, რაც მდინარე ტემზაში მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ბომბი აღმოაჩინეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости აეროპორტის ხელმძღვანელობაზე დაყრდნობით.
„ლონდონ-სიტის“ განცხადებაში, რომელიც „ტვიტერზეა“ განთავსებული, ნათქვამია:
„დაგეგმილი სამუშაოების ფარგლებში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბის აღმოჩენის შემდეგ ლონდონის პოლიციამ მეფე გეორგ V-ის სახელობის დოკში 214-მეტრიანი უსაფრთხოების ზონა შექმნა. შედეგად, „ლონდონ-სიტის“ აეროპორტი დაიკეტა“.
აეროპორტის ადმინისტრაცია მგზავრებს ურჩევს, დეტალების დასაზუსტებლად ადმინისტრაციას მიმართონ.
სკოტლანდ-იარდში აცხადებენ, რომ ბომბი კვირას, ლონდონის დროით დილის 05:06 საათზე იპოვეს, რის შემდეგაც მიიღეს ოპერატიული გადაწყვეტილება, შემოესაზღვრათ რაიონი და დაეკეტათ აეროპორტი.