კვირიკაშვილი: ქართულ პოლიტიკას ახალგაზრდული ენერგია სჭირდება

პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ახალგაზრდობას იყოს აქტიური და არ მოერიდოს საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიციის გამოხატვის
Sputnik

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. 2017 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ საკრებულოების შემადგენლობა მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა, რაც კარგი ტენდენციაა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, იუწყება მთავრობის მეთაურის პრესსამსახური.

კვირიკაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი ახალგაზრდული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ფორუმში 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალგაზრდა წარმომადგენელი მონაწილეობს. ღონისძიება პირველად ტარდება.

საპარტნიორო ფონდი "სტარტაპ საქართველოს" გამარჯვებულების დაფინანსებას იწყებს

„საერთოდ, მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ტენდენცია ჩამოყალიბდა ბოლო თვითმმართველობის არჩევნებზე. ჩვენი საკრებულოების შემადგენლობა მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა. ეს არის ის ტენდენცია, რომელიც ჩვენი ქვეყნის ჯანსაღ განვითარებაზე მიუთითებს, ვინაიდან, თქვენ ხართ, სწორედ ჩვენი ქვეყნის მომავალი. თქვენ ხართ ის სიახლე, რომელმაც უკეთესობისკენ უნდა შეცვალოს საქართველო“, — მიმართა პრემიერმა ფორუმის მონაწილეებს.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ახალი იდეებისადმი გახსნილობა არის ის, რაც ქვეყანას სწრაფ განვითარებას, მოსახლეობას კი კეთილდღეობას მოუტანს.

„მე ძალიან მიხარია, რომ ახალგაზრდები არიან ჩართულნი ისეთ პროექტებში, როგორიცაა, მაგალითად „სტარტაპ-საქართველო“, სტარტაპ-კომპანიების დაფინანსება. ჩვენ შარშან დავიწყეთ ეს პროექტი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამეწარმეო სულისკვეთება პირველ რიგში ახალგაზრდებმა აიტაცეს. დღეს უკვე გვყავს ძალიან წარმატებული, დამწყები ბიზნესმენები, რომლებმაც წარმატებული პროექტები ამ პროგრამის მეშვეობით დააფინანსეს“, — ხაზგასმით აღნიშნა კვირიკაშვილმა.

მერებისა და საკრებულოს დეპუტატების არჩევნები საქართველოში 2017 წლის 21 ოქტომბერს ჩატარდა. საკრებულოში ადგილები მოიპოვა ოთხმა პარტიამ. ესენია —  მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“. მერების არჩევნებზე მმართველი პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს, ორი რაიონის — თიანეთისა და ოზურგეთის გარდა.