ავტობუსებში უბილეთო მგზავრების რაოდენობა სწრაფად მცირდება

2017 წელს ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობისთვის 242 ადამიანი დაჯარიმდა
Sputnik

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. 2018 წლის იანვარში თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობის მხოლოდ 4 შემთხვევა დაფიქსირდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).

გასულ წელს ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობისთვის 242 ადამიანი დაჯარიმდა, მაშინ როცა 2016 წელს 1 794 სამართალდარღვევა გამოვლინდა.

კალაძე დანაპირებს ასრულებს – თბილისში სატრანსპორტო რეფორმა იწყება

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ პუნქტის მიხედვით, მგზავრების ტროლეიბუსით, ტრავმაით, ადგილობრივი რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ავტობუსით ან სამარშრუტო ტაქსით (მიკროატობუსით) უბილეთო მგზავრობა, აგრეთვე ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ მგზავრობა 5 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გულისხმობს.

გასული წლის ნოემბერში პარლამენტში განსახილველად შევიდა კანონპროექტი, რომელიც საქართველოს მუნიციპალურ ტრანსპორტში უბილეთოდ მგზავრობისთვის ჯარიმის გაზრდას ითვალისწინებს.

ამასთან ერთად, იგეგმება ჯარიმის გადაუხდელობის გამო დარიცხული საურავის ოდენობის შემცირება 50-დან 40 ლარამდე.

კანონპროექტის თანახმად, მგზავრი ვალდებულია მგზავრობის დასაწყისშივე შეიძინოს ბილეთი ან გადაიხადოს მგზავრობისთვის განსაზღვრული თანხა გადახდის ელექტრონული საშუალებით.

მხოლოდ 2014 წელს თბილისში უბილეთოდ მგზავრობისათვის ჯარიმებისა და საურავებისგან ბიუჯეტში 754,5 ათასი ლარი შევიდა, 2015 წელს — 396,8 ათას ლარზე მეტი, 2016 წელს კი 490,7 ათასი ლარი.