ვინ იყო სინამდვილეში „ორთაჭალის ტურფა“ და ნამდვილად „ღვინოშია ჭეშმარიტება“?

თანამედროვე სასაუბრო ენაში გვხვდება გამოთქმები ე. წ. იდიომები, რომლებსაც ხშირად ვიყენებთ ამა თუ იმ ვითარებასთან მიმართებაში. ისეც ხდება, რომ ზოგჯერ სრულიად უმისამართოდაც, რადგან არ ვიცით ამ გამოთქმის ზუსტი მნიშვნელობა.
Sputnik

მაგალითს მოგიყვანთ: ალბათ ხშირად გაგიგიათ რომელიმე, საგულდაგულოდ გამოპრანჭული ქალბატონის მისამართით ნათქვამი — ორთაჭალის ტურფას ჰგავსო. ვერც ვხვდებით, რომ ჩვენი უცოდინარობით, უნებურად, შეურაცხყოფას ვაყენებთ ადამიანს. ტერმინი „ორთაჭალის ტურფა“ პირდაპირ კავშირშია „ორთაჭალის ბაღებთან“. XVIII საუკუნის თბილისში ოფიციალური საროსკიპოები იყო. იქ მომუშავე მეძავებს ყვითელი პასპორტები ჰქონდათ და რეგულარულად უტარდებოდათ სამედიცინო შემოწმება, „ორთაჭალის ტურფები“ კი იყვნენ არარეგისტრირებული მეძავები და მათი მომსახურება ძალიან იაფი ღირდა. ისინი ძირითადად ორთაჭალის ბაღების ტერიტორიაზე განთავსებულ რესტორნებში „მსახურებდნენ“. როგორც მახსოვს, ცოტა ხნის წინ, ერთერთმა სამშენებლო კომპანიამ მშენებარე საცხოვრებელ კომპლექსს „ორთაჭალის ტურფა“ უწოდა, თუმცა ეს კომპლექსი არა ორთაჭალაში, არამედ დირსიჭალაში აშენდა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ყველაფერს ცოდნა სჭირდება, რომ კომიკურ ვითარებაში არ აღმოვჩნდეთ. კიდევ ერთ იდიომას გავიხსენებ:-შენ აქ ნინიას ბაღი ხომ არ გგონია? ეს გამოთქმა სათავეს იღებს XX საუკუნის დასაწყისიდან.  ქართველ ვაჭარს, ნინია ზარიძეს ვორონცოვის მოედანთან ულამაზესი ბაღი ჰქონია.  ისეთივე, როგორიც მიხაილის ბაღია ახლანდელ აღმაშენებლის პროსპექტზე, მაგრამ მისგან განსხვავებით, ნინიას ბაღში შესვლა უფასო ყოფილა. ამიტომ ნინიას ბაღი ქართულ ცნობიერებაში მუქთას, უფასოს სინონიმად დამკვიდრდა.

ქართული ჯვარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში: ამბავი დავით აღმაშენებლის ძელიცხოვლის ჯვრისა

იცით საიდან მოდის გამოთქმა — ყურებზე ხახვი არ დამაჭრა? ეს გამოთქმა რომიდან იღებს სათავეს და საქართველოშიც მოიკიდა ფეხი. რომაელები ურჩ მონებს ყურებს აჭრიდნენ, ჭრილობაზე სისხლდენის შესაჩერებლად კი ხახვს აყრიდნენ — დაჭრილი ხახვი სისხლდენას აშუშებდა. მუქარის პასუხად, აქედან მოდის გამოთქმაც, ყურებზე ხახვი არ დამაჭრაო.

''სწავლა სიბერემდეაო''- ამ ძალიან ცნობილ გამონათქვამს, რომელიც ლამის ყოველდღიურად გვესმის, რატომღაც შეცდომით მიაწერენ ლენინს.

სინამდვილეში ფრაზის ავტორია რომაელი ფილოსოფოსი სენეკა (დაბადებული ძვ. წ. 4 – გარდაცვლილი ახ. წ. 65წ.) და თავდაპირველად ის ასე ჟღერდა: „სიბერემდე ისწავლე ის, თუ როგორ უნდა იცხოვრო".

„შენ ისეთი სენსიტიური და კრედიბილური ხარ...“

ასევე ძალიან გავრცელებულია გამოთქმა — „მიზანი ამართლებს საშუალებას“. ეს გახლავთ სახეცვლილი იდიომა, რომლის ავტორი გახლდათ იეზუიტების ორდენის დამაარსებელი იგნატიუს  ლოიოლა. ხოლო ფრაზის სრული ვარიანტი შემდეგნაირია:-"თუ მიზანი-სულის გადარჩენაა, მაშინ მიზანი ამართლებს საშუალებას".

ასევე არასრულია პლინიუსის  ცნობილი გამონათქვამი „ჭეშმარიტება ღვინოშია". მას  აქვს გაგრძელება:«In vino veritas, in aqua sanitas» ანუ ფრაზა სრულად ასე ჟღერს: „ჭეშმარიტება ღვინოშია, ხოლო ჯანმრთელობა წყალში". ალბათ დამეთანხმებით, რომ სრული ტექსტის აზრი სულ სხვაა, მაგრამ ვიღაცას ასე აწყობდა და ასეც შემორჩა.

ქართული მოდის ისტორია, ანუ თამარ მეფის „კუართიდან“ დახეულ ჯინსებამდე

„არის ადამიანი-არის პრობლემა, არაა ადამიანი-აღარაა პრობლემა"-ეს ფრაზა, რომელსაც სტალინს მიაწერენ, სინამდვილეში მას არასოდეს არ წარმოუთქვამს; ის მწერალს, სტალინური პრემიის ლაურეატ ანატოლი რიბაკოვს ეკუთვის და მოხსენიებული აქვს თავის რომანში:"არბატის შვილები", სადაც მას სტალინი წარმოთქვამს. მოგვიანებით მწერალი ძალიან კმაყოფილი იყო იმით, რომ მის მიერ შექმნილი ფრაზა ხალხში ისე გავრცელდა, როგორც მისი სათაყვანებელი ბელადის ნამდვილი გამონათქვამი.

ეს მხოლოდ არასრული ჩამონათვალია იმ გამონათქვამების, რომლებიც ხშირად გვხვდება ყოველდღიურობაში. კარგი იქნება თუ ზუსტად გვეცოდინება რასაც ვამბობთ, რომ ზოგი ზემოთ ჩამოთვლილივით უხერხულ ვითარებაში არ აღმოვჩნდეთ.