ემინ აგალაროვი ორკესტრთან ერთად თბილისში კონცერტს გამართავს

არაერთი მუსიკალური პრემიის მფლობელი თბილისს საგასტროლო ტურნეს ფარგლებში ეწვევა
Sputnik

თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. ცნობილი რუსი საესტრადო მომღერალი, წარმოშობით აზერბაიჯანელი ემინ აგალაროვი (Emin) თბილისში კონცერტს 1 ივნისს გამართავს

პოპულარული შემსრულებლის გამოსვლა ორკესტრთან ერთად თბილისის საკონცერტო დარბაზში (Tbilisi Concert Hall) 20:00 საათზე გაიმართება. ბილეთები გაყიდვაში მალე ჩაეშვება.

2018 წელს Emin-ს მოსკოვში, ვლადიკავკაზში, ნალჩიკში, მახაჭკალაში, ასტრახანში, ვოლგოგრადში, სოჭში და რუსეთის სხვა ქალაქებში, ასევე იურმალასა და მშობლიურ ბაქოში სოლო და ერთობლივი კონცერტების გამართვა აქვს დაგეგმილი.

ემინ აგალაროვი სამი წლის იყო, როდესაც ოჯახი საცხოვრებლად ბაქოდან მოსკოვში გადავიდა. ის სწავლობდა ევროპულ სკოლაში, რომელმაც მას, როგორც თავად ამბობს „თვალები აუხილა". განათლების მიღება აშშ-ში დაასრულა, სადაც მუსიკისადმი ინტერესი გამოავლინა.

დღეისათვის მუსიკოსს გამოცემული აქვს ცხრა ინგლისურენოვანი ალბომი, კონტრაქტები აქვს დადებული მსოფლიო კომპანიებთან Warner Music და Sony ATV Music Publishing-თან, ასევე გამოცემული აქვს რუსულ ენაზე რამდენიმე ალბომი.

მომღერალი დუეტებს ასრულებს A'Studio-თან, გრიგორი ლეფსთან, პოლინა გაგარინთან, ლაიმე ვაიკულესთან და სხვა შემსრულებლებთან.