თავდასხმა გუგეშაშვილის ოჯახზე - მკვლელი იდენტიფიცირებულია

თადარიგის პოლკოვნიკის, დოდო გუგეშაშვილის ვაჟს ზურგსა და კეფაში ესროლეს. ის ადგილზე დაიღუპა
Sputnik

თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. გამომძიებლებმა მოახდინეს იმ პირის იდენტიფიკაცია, რომელმაც ესროლა საქართველოს შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკს, დოდო გუგეშაშვილს და მის ვაჟს, რომელიც ადგილზე, ბინაში გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

გუგეშაშვილის ოჯახს ოთხშაბათს დაესხნენ თავს. შსს-ს მონაცემებით, უცნობმა ადამიანმა გუგეშაშვილის ბინაში, დიღმის მასივში, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა 60 წლის დოდო გუგეშაშვილი და მოკლა მისი 33 წლის ვაჟი გრიგოლ (ნოდარ) გუგეშაშვილი.

გამომძიებლები გუგეშაშვილის მეზობლების დაკითხვას მთელი ღამე აწარმოებდნენ. ამ დროს თავად დოდო გუგეშაშვილი ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა. მას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა გულ-მკერდის არეში მიყენებული ჭრილობის გამო.

გუგეშაშვილის მეგობარი, ელგუჯა თოხაძე ამტკიცებს, რომ მან თავდამსხმელის ვინაობის დასახელება მოასწრო.

„ამბობენ, რომ დოდო გუგეშაშვილმა დამნაშავის ვინაობა დაასახელა. მაგრამ, ვერ ვავიგეთ, ვის უთხრა და ვინ დაასახელა. ამბობენ, სანამ ოპერაციაზე შეიყვანდნენ, პირველად ვინც მივიდა საავადმყოფოში, იმ ბიჭებს უთხრა, ბავშვს მიმიხედეთო", — განაცხადა თოხაძემ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

როგორია თავდასხმისას დაჭრილი დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

მკვლელი ოჯახის ნაცნობი იყო, განაცხადა დანაშაულის ადგილის დათვალიერების შემდეგ შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ.

გუგეშაშვილის ვაჟის ცხედარი ექსპერტიზის შემდეგ ბიძის ოჯახში გადაასვენეს. ტელეკომპანია Rustavi2-ის ინფორმაციით, მას ორი ტყვია მოხვდა — ზურგსა და კეფაში.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე სსკ-ის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დოდო გუგეშაშვილი შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკი, აფხაზეთის ომის ვეტერანი და ყოფილი შეიარაღებული სამხედრო ფორმირება „მხედრიონის" ერთ-ერთი ლიდერია.