ფალსიფიცირებული სარეცხი საშუალებები – აჭარაში კუსტარული საწარმო გამოავლინეს

ბრალდებულები „ფეირისა" და „დომესტოსის" საწარმოებლად დაბალი ხარისხის ნედლეულს იყენებდნენ.
Sputnik

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სარეცხი საშუალებების ფალსიფიცირების ფაქტზე სამი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საეჭვო წარმოშობის ყველი ქართულ ბაზარზე - რა საფრთხეებს მალავს ასეთი პროდუქტი

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები აჭარაში კუსტარულად მოწყობილ არარეგისტრირებულ საწარმოში სხვისი სასაქონლო ნიშნით „ფეირს" და „დომესტოსს" უკანონოდ ამზადებდნენ. პროდუქციის საწარმოებლად კი დაბალი ხარისხის ნედლეულს იყენებდნენ.

სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს სარეცხი საშუალებების დასამზადებლად განკუთვნილი დიდი ოდენობით ქიმიური ნივთიერებები, ეტიკეტები, ბოთლები, ინვენტარი და სარეალიზაციოდ გამზადებული, სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული 2 000 ერთეულზე მეტი სხვადასხვა დასახელების სარეცხი საშუალება.

გამოძიება სსკ-ის 196-ე მუხლის მესამე ნაწილით („ჯგუფის მიერ სასაქონლო ნიშნის ან სხვა კომერციული აღნიშვნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენება") მიმდინარეობს, რაც სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.