ევროვიზია 2018: „ირიაო" პორტუგალიაში მიდის

ჯგუფ „ირიაოს" წევრები ლისაბონში ჟურნალისტებს შეხვდებიან და პრომო-ვიდეოს ჩაწერენ.
Sputnik

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. საქართველოს წარმომადგენელი სიმღერის კონკურსზე „ევროვიზია 2018", ეთნო-ჯაზ ჯგუფი „ირიაო" რამდენიმე დღეში ლისაბონში გაემგზავრება, სადაც მას ელოდება შეხვედრა ჟურნალისტებთან, კონკურსის მონაწილეებთან, ფესტივალის წარმომადგენლებთან, ასევე პრომო-ვიდეოს გადაღება.

სიმღერა, რომლითაც ქართველი მუსიკოსები კონკურსზე 10 მაისს გამოვლენ, უკვე შერჩეულია, მაგრამ ის ჯერ საიდუმლოს წარმოადგენს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სიმღერის პრემიერა ერთ თვეში გაიმართება. ანსამბლის წევრების განცხადებით, კომპოზიცია მელოდიურია და ქართული მრავალხმიანობის ელემენტებს შეიცავს.

„ევროვიზიის სიმღერა არის სპეციფიკური მიმართულების. ჩვენ ვფიქრობთ, რომ, რა თქმა უნდა, არ დავკარგავთ „ირიაოს" სტილს, აქედან არ გამოვალთ. მაგრამ ვცდილობთ, რომ მოვერგოთ ევროვიზიის ფორმატს და და მსმენელს შევთავაზოთ მარტივი, მელოდიური სიმღერა. პრინციპში, პორტუგალია მუსიკალური ქვეყანაა, სადაც ამ ყველაფერს აფასებენ", — განაცხადა ჯგუფის წევრმა მიშო ჯავახიშვილმა.

„ევროვიზია 2018“: როდის და რომელ ნომრად წარდგება საქართველო

საქართველოს სიმღერაზე ოფიციალური ვიდეოკლიპის რეჟისორი ზაზა ორაშვილი იქნება.

63-ე კონკურსის ნახევარფინალები გაიმართება 8 და 10 მაისს, ხოლო ფინალი — 12 მაისს.

„ევროვიზია“ პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში პირველად ჩატარდება. ეს სალვადორ სობრალის გამარჯვების წყალობით მოხდა შარშანდელ კონკურსზე, რომელიც კიევში ჩატარდა. წელს კონკურსში 43 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.

წარმოდგენილია კონკურსის ლოგო, რომელიც ზღვის ნიჟარას წააგავს, და მისი ოფიციალური დევიზი — „ყველანი ბორტზე!", რაც ასევე გამოხატავს პორტუგალიის განსაკუთრებულ ადგილმდებარეობას, რომელიც დანარჩენ ევროპას ატლანტის ოკეანესთან აკავშირებს.

საქართველოს წარმომადგენელი კონკურსზე, ჯგუფი „ირიაო" ჯაზისა და ქართული ეთნომუსიკის ვირტუოზულ უნიკალურ ნაზავს ასრულებს.

ჯგუფის დამაარსებელი და მისი მუსიკალური ხელმძღვანელი დავით მალაზონია მიიჩნევა ერთ-ერთ იშვიათ ქართველ კომპოზიტორად, რომელმაც ეს ორი ჟანრი გააერთიანა. ოცდაათი წლის მანძილზე მალაზონია ქმნის მუსიკას გერმანიასა და საქართველოში როგორც თეატრისთვის, ასევე ტელეპროექტებისთვის, ცალკეული მუსიკოსებისა თუ ჯგუფებისთვის. მისი ინიციატივით თბილისში დაარსდა ანსამბლი „ირიაო", რომლის დებიუტი 2013 წელს შედგა.

მალაზონიას გარდა, ჯგუფის წევრები არიან დავით ქავთარაძე, შალვა გელეხვა, ლევან აბშილავა, გიორგი აბაშიძე, ბიძინა მურღულია და მიხეილ ჯავახიშვილი.