თბილისში დავით ქმოსტელის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

გამოძიებით დადგინდა, რომ დავით ქმოსტელის მკვლელობა შურისძიების მოტივით მოხდა
Sputnik

თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ლომთათიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პირი თბილისში დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისში მამაკაცი მოკლეს

მკვლელობა თბილისში 4 თებერვალს, საღამოს მოხდა. გარდაცვლილი დავით ქმოსტელი, მეტსახელად „ძივითა" ბოლო დროს რუსეთში ცხოვრობდა და საქართველოში მეგობრებთან სტუმრად იყო ჩამოსული.

თვითმხილველთა განცხადებით, შემთხვევის ადგილზე დაახლოებით ხუთი გასროლის ხმა გაისმა. ქმოსტელი ადგილზე, პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიებით დადგინდა, რომ დავით ქმოსტელის მკვლელობა შურისძიების მოტივით მოხდა.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში თბილისში დააკავეს", — აღნიშნულია განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 108-ე მუხლით („განზრახ მკვლელობა") და 236-ე მუხლით („ცეცხლსასროლი იარაღის საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება"), რაც ითვალისწინებს 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.