საქართველოს ფეხბურთის ნაკრების კაპიტანმა „ანჟის" მოთამაშესთან იჩხუბა

ქართველი ფეხბურთელი სეზონისთვის ახალი კლუბის, ყაზახეთის „ტობოლის" შემადგენლობაში ემზადება
Sputnik

თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა  „ანჟის" ნახევარმცველს, არსენ ხუბულოვს ყაზახეთის  „ტობოლისა"და მახაჩკალის გუნდს შორის ჩატარებული ამხანაგური მატჩის დროს ეჩხუბა.

ინციდენტი შეხვედრის დასასრულს მოხდა. კანკავამ ზედიზედ ორ ეპიზოდში  „ანჟის" მოთამაშეების წინააღმდეგ საკმაოდ უხეშად ითამაშა, რამაც ხუბულოვის პრეტენზია და უკმაყოფილება გამოიწვია. შედეგად, ორ ფეხბურთელს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ინციდენტში ორივე გუნდის მოთამაშეები ჩაერთნენ, რომლებმაც ერთობლივი ძალებით შეძლეს კანკავასა და ხუბულოვის დაშოშმინება.

რაც შეეხება თავად შეხვედრას, ის  „ანჟის" მინიმალური გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

31 წლის კანკავა  „ტობოლში" მიმდინარე წლის იანვარში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. ყაზახურ კლუბში გადასვლამდე, ქართველი ფეხბურთელი ფრანგული  „რეიმსის" სახელით ასპარეზობდა, რომლის სახელითაც კანკავა ორი სეზონის განმავლობაში გამოდიოდა და გასული წლის ზაფხულში დატოვა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში კანკავამ 70 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.