„საბა 2018"-მა სტარტი აიღო: რა სიახლეებს გვპირდება ლიტერატურული პრემია

წელს ქართული ლიტერატურული პრემია „საბას" ნომინაციებში ცვლილებებია.
Sputnik

თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. საქართველოში ლიტერატურულ პრემია „საბა 2018"-ზე განაცხადების მიღება დაიწყო — წიგნები კონკურსში შეუძლიათ წარმოადგინონ როგორც ავტორებმა, ისე გამომცემლობებმა, რისთვისაც მათ უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადი ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

როგორც კონკურსის ორგანიზატორები აღნიშნავენ, 2018 წელს „საბა" განსაკუთრებული იქნება, რამდენადაც ლაურეატების საზეიმო დაჯილდოების ცერემონია გერმანიაში, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროგრამის ფარგლებში გაიმართება, რომელზეც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით იქნება წარმოდგენილი.

ცერემონია 12 ოქტომბერს ქალაქ ფრანკფურტის მერიის ისტორიულ დარბაზ Kaisersaa-ში გაიმართება. დაჯილდოების ცერემონიის ხილვა ტელევიზიითა და ონლაინ-რეჟიმში იქნება შესაძლებელი.

„განაცხადების მიღება 20 თებერვლამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც „საბას" ჟიური წიგნების განხილვას შეუდგება და გასული წლის ლიტერატურულ მოსავალს შეაფასებს", — ნათქვამია კონკურსის ვებ-გვერდზე.

გარდა გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიისა, სიახლე ნომინაციების სიასაც შეეხო.

„საქართველოს ფოსტამ“ მარკების საუკეთესო ესკიზების კონკურსი გამოაცხადა

კერძოდ, წელს „საბას" არა 11, არამედ 10 ნომინაციაში გადასცემენ. ამასთან, ნომინაციების ნაწილი ამოიღეს და დაამატეს ახალი. 2018 წელს იქნება შემდეგი ნომინაციები: „საუკეთესო რომანი", „საუკეთესო პოეტური კრებული", „საუკეთესო პროზაული კრებული", „საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა", „საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი", „ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოენოვანი თარგმანი", „ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი კრიტიკა", „ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი გამომცემლობა" და ასევე პრემია „ქართულ-გერმანულ ლიტერატურულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისათვის“.

ბოლო სამი ნომინაცია აბსოლუტურად ახალია.

წელს საკონკურსო ნომინაციებს შორის არ მოხვდა „საუკეთესო პიესა", "საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა", „საუკეთესო ელექტრონული წიგნი" და „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილი".

თუმცა, ორგანიზატორების თქმით, 2017 წელს გამოცემული ყველა პიესისა და ლიტერატურული კრიტიკული მასალის განხილვა „საბა 2019"-ზე მოხდება.

არ იქნება აგრეთვე პრემია „საუკეთესო ელექტრონული წიგნი", რამდენადაც ყველა ელექტრონულ გამოცემას შესაძლებლობა ექნება სხვადასხვა საკონკურსო ნომინაციაში ბეჭდურ წიგნებთან ერთად მიიღოს მონაწილეობა.

კონკურსის ფინალისტების ვინაობა ივლისში გახდება ცნობილი. ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს საკონკურსო ნამუშევრებს, წაიკითხოს, შეაფასოს და შეიძინოს მათი ელექტრონული ვერსია.

„საბა" გასული წლის ლიტერატურულ პროცესს აფასებს და საუკეთესო ავტორებს აჯილდოებს. წელს კონკურსი მეთექვსმეტედ ჩატარდება.

ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსი „საბა" „თი-ბი-სი ბანკმა" 2003 წელს დააფუძნა.