თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. საქართველოს შსს-ს თანამშრომლებმა „ქარდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით თბილისის სხვადასხვა უბანში ორი პირი დააკავეს, განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ.
დაკავებულები სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირები არიან. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დიდ დიღომში დაკავებული პირი არის კრიმინალური ავტორიტეტი მეტსახელად „დობო“.
მეორე კრიმინალური ავტორიტეტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის ზონაში იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ქვეყნის დატოვებას და მიმალვას აპირებდა.
უცხოეთში მცხოვრები ქართველი „კანონიერი ქურდების“ თანხმობით, ბრალდებულებმა ერთ-ერთ მოქალაქეს „ქურდული გარჩევა“ მოუწყვეს და დიდი ოდენობით ფულადი თანხა და უძრავი ქონება გამოსძალეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, მობილური ტელეფონები ამოიღეს, რომლებშიც ბრალდებულების „კანონიერ ქურდებთან“ კავშირის დამადასტურებელი ინფორმაცია ინახება.
ოპერატიული ღონისძიებების შედეგად შსს-ს თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ ბრალდებულები აღიარებენ „ქურდულ სამყაროს“, მონაწილეობას იღებდნენ „ქურდულ გარჩევებში“ და აქტიური კავშირი ჰქონდათ უცხოეთში მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდებთან“: „ნოდარ გლდანსკისთან“, „მაღალოსთან“, „დათო სურგუცკისთან“ და „პეწოსთან“, რომელიც რუსეთიდან 2017 წლის აგვისტოში გამოაძევეს.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 223-მუხლით („ქურდული სამყაროს წევრობა“, „კანონიერი ქურდი“), რაც 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
იანვრის ბოლოს საქართველოს შსს-ს თანამშრომლებმა ექვსი პირი დააკავეს, მათგან სამს ბრალი ედება „ქურდული სამყაროს“ წევრობაში, დანარჩენ სამს კი — ყაჩაღობაში, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ნარკოტიკული ნივთიერებების გამოძალვის მცდელობაში.
გასულ კვირაში შსს-მ მთავრობის განსახილველად გამოიტანა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც „კანონიერი ქურდების“, მათი თანამზრახველებისა და „ქურდული სამყაროს“ წევრებისთვის სასჯელის გამკაცრებას უკავშირდება.
გარდა ამისა, სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებება გახდება „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვა, „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერა, „ქურდული შეკრების“ ორგანიზება ან მასში მონაწილეობა.