მარგველაშვილმა მმართველი პარტია მის წინააღმდეგ აგორებულ „შავ პიარში“ დაადანაშაულა

საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად საქართველოს პრეზიდენტსა და „ქართულ ოცნებას“ შორის კონფლიქტი სულ უფრო მწავდება
Sputnik

თბილისი, 3 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ მხრიდან მასზე ყოველდღიური თავდასხმები პრეზიდენტის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილს წარმოადგენს.

მარგველაშვილის პრეზიდენტობის ბოლო წელს მასსა და მმართველ პარტიას შორის 2013 წელს დაწყებული კონფლიქტი კიდევ უფრო გაღრმავდა. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ღიად და საკმაოდ მკვეთრად გამოხატავენ უკმაყოფილებას პრეზიდენტის მიმართ და მას წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებასა და ოპოზიციასთან შეთქმულებაში ადანაშაულებენ. ამასთან, მარგველაშვილს ჯერჯერობით არ განუცხადებია მეორე ვადით კენჭისყრის გეგემების შესახებ, თუმცა ის არც გამორიცხავს ამას.

„ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კამპანია ჩემ წინააღმდეგ „შავი პიარით“ დაიწყო, სხვა შინაარსს ჩვენ მიმდინარე საარჩევნო კამპანიაში ვერ ვხედავთ. ეს არის პრეზიდენტის ყოველდღიური ბრალდება ნებისმიერი ტიპის ცოდვებში“, — განაცხადა მარგველაშვილმა ბრიფინგზე.

შეწყალების კომისიის თავმჯდომარე: საქართველოში პატიმართა შეწყალების წესი შეიცვალა

მიმდინარე მოვლენებს პრეზიდენტი უკავშირებს იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ პრეზიდენტობის კანდიდატურა ჯერჯერობით არ შეურჩევია.

„ჩვენ ვხედავთ ამ წარუმატებელ „შავი პიარის“ ინიციატივებს, რომელიც, ჩემი აზრით, უკავშირდება იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი, რომელიც, ფაქტობრივად, ოთხი წლის განმავლობაში ებრძოდა საპრეზიდენტო ინსტიტუტს და ცდილობდა საპრეზიდენტო ინსტიტუტის დემონტაჟს. ვერ ვხედავ, რომ ამ პოლიტიკურ გუნდს ჩამოყალიბებული ჰქონდს თავის შეხედულება საპრეზიდენტო კანდიდატზე, ვერ ჩამოყალიბდნენ. ამავე ფონზე, რაღაც ნაწილში ჩამოყალიბდა პოზიცია, რომ უნდა აწარმოონ „შავი პიარი“ მოქმედი პრეზიდენტის წინააღმდეგ“, — განაცხადა მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის ბრალდებებს სერიოზულად არ აღიქვამს.

„ყოველ დღე ჩვენ გვესმის ეს წარუმატებელი ტალღები, ასეთი იყო მანამდეც და დარწმუნებული ვარ, ანალოგიური აბსურდული ტალღები მომავალშიც გაგრძელდება. სიმართლე გითხრათ, ამ დაბნეულ „შავ პიარს“ მაინცდამაინც სერიოზულად არ აღვიქვამ და არც მგონია, რომ ეს ვინმეზე მოქმედებდეს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 2018 წლის შემოდგომაზე გაიმართება.