თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. თბილისში ტაქსებისა და ტაქსის მძღოლებისთვის რეგულაციების შემოღება გაზრდის სერვისის ღირებულებას და შეამცირებს მძღოლების შემოსავალს, განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველოს" ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიორგი გაბაშვილმა.
იმის შესახებ, რომ თბილისში ტაქსის სერვისის განსახორციელებლად ნებართვის აღება და რეგისტრაციის გავლა აუცილებელი იქნება, გასულ კვირას თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. რეფორმის პირველი ეტაპი მძღოლების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელმაც გარკვეული მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს.
ფრაქცია „ევროპული საქართველოს" წევრებმა ახალი რეგულაციების შემოღების საკითხი ტაქსის მძღოლებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.
„ჩვენ აღნიშნული ინიციატივა არასწორად მიგვაჩნია. პირიქით, ეს დარტყმაა ყველაზე გაჭირვებულ ადამიანებზე, მათთვის, ვინც თავის მანქანით ორ თეთრს შოულობს და ოჯახში შეაქვს", — განაცხადა გაბაშვილმა.
მძღოლების აზრით, ახალი რეგულაციების შემოღება მომსახურების ფასს გაზრდის, რაც მოსახლეობას დააზარალებს. გარდა ამისა, ახალი რეგულაციების დადგენის შემთხვევაში ტაქსის მძღოლები უფასო ტექდათვალიერების შემოღებას მოითხოვენ.
„რეგულაციები მძღოლებისთვის მძიმე ტვირთი იქნება. მძღოლმა შეიძლება მთელი დღე იმუშაოს, მაგრამ ვერაფერი გააკეთოს. ამიტომ გათვალისწინებული უნდა იყოს დღევანდელი პირობები, თუ როგორ პირობებში გვიწევს მუშაობა", — განაცხადა ერთ-ერთმა მძღოლმა გიორგი გიორგაძემ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ.
„ეს, ცხადია, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე კეთდება. პირველ ეტაპზე მხოლოდ აღრიცხვიანობაზე მიდის საუბარი. შემდგომ ნაბიჯებსა და რეგულაციებზე — რა და როგორ იქნება, მას შემდეგ ვისაუბრებთ, როდესაც გარკვეული რეგულაციები გამოვლინდება", — აღნიშნა ტყემალაძემ.
ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა კახა კალაძემაც. თბილისის მერის სიტყვებით, თუ ეკოლოგიური მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, მალე ქალაქში ცხოვრება შეუძლებელი იქნება.
„ქალაქის განვითარებასა დაწინსვლას ხელს ვერავინ და ვერაფერი შეუშლის. ეს არის საზოგადოების დაკვეთა. ჩვენ გვინდა სუფთა, ეკოლოგიური მდგომარეობა ქალაქში. ეს მხოლოდ ტაქსების რეგულირებით ვერ მოხერხდება. არის მთელი რიგი ღონისძიებები დაგეგმილი, რომელზეც ჩვენ ძალიან ბევრს ვსაუბრობდით წინასაარჩევნოდ. ჩვენ დღეს უკვე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დავიწყეთ და ტაქსების რეგულირება ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია", — აღნიშნა კალაძემ.
დღეისათვის თბილისში, ისევე როგორც საქართველოს სხვა ქალაქებში, ტაქსების მუშაობა სახელმწიფოს მხრიდან არ რეგულირდება. არ არსებობს სპეციალური ლიცენზია და გადასახადები. ნებისმიერ მსურველს შეუძლია გახდეს ტაქსის მძღოლი. ამისთვის აუცილებელია საკუთარი ავტომობილი და ტაქსის სპეციალური ნიშანი.
საქართველოში არსებობს ტაქსის კერძო კომპანიები, თუმცა, ბაზარზე მათი წილი იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებიც კერძო გადაყვანით ინდივიდუალურად არიან დაკავებული, შედარებით მცირეა.
დედაქალაქში ტაქსების ზუსტი რაოდენობა უცნობია. დაუდასტურებელი ინფორმაციით, თბილისში 40 ათასი ტაქსი მოძრაობს.