მაღალმთიანი აჭარის სკოლებში სასწავლო პროცესი აღდგა

მაღალმთიან აჭარაში 50-მა სკოლამ, რომლებიც ოთხშაბათს დიდთოვლობის გამო დაიკეტა, მუშაობა განაახლა
Sputnik

თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. მაღალმთიანი აჭარის სკოლებში სასწავლო პროცესი აღდგა, მაგრამ კვლავ დაკეტილია შვიდი საბავშვო ბაღი, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს" შუახევისა და ხულოს გამგეობების პრეს-სამსახურებში.

უამინდობის გამო შუახევის რაიონში დაიკეტა 17 სკოლა და სამი საბავშვო ბაღი, ხოლო ხულოს რაიონში — 33 სკოლა და ყველა საბავშვო ბაღი. აჭარის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი 1,5 მეტრს აღწევდა, ბარში კი — 70-80 სანტიმეტრს.

„სასწავლო პროცესი შუახევის ყველა სკოლაში აღდგა. რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, ათიდან მხოლოდ ერთი არ მუშაობს. ახლა აღარ თოვს, მაგრამ ყინვაა. მზიანი ამინდია. ხუთი ათასი აბონენტიდან ელექტროენერგიის გარეშე მხოლოდ 400-ია დარჩენილი, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და ელექტროენერგიას ისინი დღის ბოლოს მიიღებენ", — განაცხადა პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა.

ვითარება საქართველოს გზებზე: ინტენსიურმა თოვამ პრობლემები შექმნა

რაც შეეხება ხულოს რაიონს, აქ სტაბილური მდგომარეობაა. სკოლებმა მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაახლეს. 20 საბავშვო ბაღიდან ამჟამად არ მუშაობს ექვსი.

„შუქი მხოლოდ სამ პატარა სოფელში არ არის, აბონენტების ზუსტი რაოდენობის დასახელება არ შემიძლია, მაგრამ აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, ასე რომ, ელექტროენერგიის მიწოდება მალე მთლიანად აღდგება", — განაცხადა ხულოს გამგეობის თანამშრომელმა.

აჭარის ყველა რაიონული ადმინისტრაცია საგანგებო რეჟიმში მუშაობს, რათა მოსახლებას გადაადგილებასთან დაკავშირებით პრობლემები არ შეექმნას — მიმდინარეობს გზების თოვლისგან გაწმენდა.