ეროვნულმა ბანკმა თსუ-ს 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საკოლექციო მონეტა გამოუშვა

მონეტის ღირებულება 95 ლარია და მისი შეძენა ეროვნული ბანკის საკასო ცენტრშია შესაძლებელი
Sputnik

თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ვერცხლის საკოლექციო მონეტა გამოუშვა, ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

ხუთი ლარის ნომინალის მონეტა 1 500-იანი ტირაჟით გამოუშვეს. მონეტის ღირებულება 95 ლარია და მისი შეძენა ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში, ყვარლის ფულის მუზეუმსა და ბანკის ონლაინ-მაღაზიის მეშვეობითაა შესაძლებელი.

Серебряная коллекционная монета к 100-летию Тбилисского государственного университета

„ეროვნული ბანკისთვის ნამდვილად საამაყო იყო ამ პროექტზე მუშაობა. მოგეხსენებათ, უნივერსიტეტი პირველი უმაღლესი სასწავლებელი იყო მთელს ამიერკავკასიაში და მის დამაარსებელ ივანე ჯავახიშვილთან ერთად, ჯერ კიდევ ერთი საუკუნის წინ იყო განათლების, პროგრესისა და ევროპული ღირებულებების სიმბოლო", — აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი 1918 წლის 8 თებერვალს (26 იანვარი — ძველი სტილით), დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაიხსნა. 1989 წელს უნივერსიტეტს მისი დამაარსებლის — ისტორიკოსისა და აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელი ეწოდა.