თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გააფართოვა იმ მსჯავრდებულთა სია, რომლებიც შესაძლოა შეწყალების საფუძველზე გათავისუფლდნენ საპატიმროდან, განაცხადა შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ ბრიფინგზე.
როგორც ზვიად ქორიძემ აღნიშნა, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, შეწყალების წესი უფრო ჰუმანური ხდება და მასში ცვლილებები შედის.
„შეწყალების კომისიამ სასჯელის ვადის კრიტერიუმების გარეშე უნდა განიხილოს იმ მსჯავრდებულთა თხოვნა, რომლებმაც ჩაიდინეს ნარკოტიკული დანაშაულებები, გარდა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების გასაღებისა, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვისა და მათი შემოტანა-ტრანზიტისა“, — განმარტა შეწყალების სახელმნწიფო კომისიის თავმჯდომარემ.
გარდა ამისა, ქორიძის თქმით, ასეთივე წესით კომისია ასევე განიხილავს იმ პირთა თხოვნას შეწყალების თაობაზე, რომლებმაც პირველად ჩაიდინეს დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ და „არ ჩაუდენიათ ეს დანაშაულები ძალადობით, ან ძალადობის მუქარით“.
„ამ დანაშაულებზე მსჯავრდებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ პრეზიდენტს, როგორც კი დასრულდება საქმის განხილვა სამივე სასამრთლო ინსტანციაში, ან გავა ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების ვადა, კომისია არსებითად განიხილავს მათ საქმეებს", — განაცხადა ზვიად ქორიძემ.
შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ ერთ-ერთი ჰუმანური ბერკეტი, რაც გააჩნია სახელმწიფოს, ესაა შეწყალების აქტი.
საქართველოში შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივაა, ხოლო შესაწყალებელ პირთა სიას მას სახელმწიფო კომისია წარუდგენს განსახილველი განცხადებების შესწავლის შემდეგ.