ვითარება საქართველოს გზებზე: ინტენსიურმა თოვამ პრობლემები შექმნა

საქართველოს მასშტაბით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, გზებზე შეზღუდვები დაწესდა
Sputnik

თბილისი, 1 თებერვალი —Sputnik. უამინდობის გამო საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ- გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 138–158-ე კმ (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 2 თებერვალს

დიდთოვლობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 1-106-ე კმ (გომი-ზესტაფონის) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. 

ინტენსიური თოვის გამო შეზღუდვებია დაწესებული ხაშური-ახალციხე-ვალეს  საავტომობილო გზის 30-96-ე კმ (ბორჯომი-ვალეს საზღვარი) მონაკვეთზე.

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე  აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, აღნიშნულია განცხადებაში.

დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 38-62-ე კმ (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

რაც შეეხება შეზღუდვების მოხსნას, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად,  ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 36-55-ე კმ (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოსახლეობას მოუწოდებს, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.