საქართველოში ყოველი მეხუთე გარდაცვლილი თამბაქოს მომხმარებელია: ექსპერტის მოსაზრება

Sputnik

არასამთავრობო ორგანიზაცია "თამბაქოს კონტროლის ალიანსის" თავმჯდომარემ თამბაქოს მავნებლობაზე საქართველოს მაგალითზე იმსჯელა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო, თუ რის შესახებ ისაუბრა გიორგი ბახტურიძემ

საქართველოში ყოველი მესამე ადამიანი მწეველია, ყოველწლიურად ქვეყანაში თამბაქოსგან იღუპება 11 ათასი ადამიანი, განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია "თამბაქოს კონტროლის ალიანსის" თავმჯდომარემ, გიორგი ბახტურიძემ Sputnik-საქართველოს მულტიმედიურ პრეს-ცენტრში.

"საქართველოს მოსახლეობიდან, ფაქტობრივად, ყოველი მესამე მწეველია, ხოლო მწეველობის გამო სიკვდილიანობა წელიწადში დაახლოებით 11 ათას კაცს შეადგენს. გამოდის, რომ ყოველი მეხუთე გარდაცვლილი თამბაქოს მოხმარების გამო იღუპება. უკვე დაახლოებით 20 წელია, რაც მოწევას ვებრძვით. 2003 წელს საქართველოში პირველი თამბაქოს საწინააღმდეგო კანონი მიიღეს, 2006 წელს ჩვენ თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის წევრები გავხდით, 2008 წელს შეიცვალა იმ დროისათვის მოქმედი თამბაქოს საწინააღმდეგო კანონი, ხოლო 2017 წელს ჩვენ კვლავ მივაღწიეთ კანონის ცვლილებას ჩარჩო-კონვენციის დონეზე, რომელიც ძალაში მიმდინარე წლის მაისში შევა", — განაცხადა გიორგი ბახტურიძემ.

საქართველოს პარლამენტმა თამბაქოს საწინააღმდეგო ახალი კანონმდებლობა 2017 წლის მაისში დაამტკიცა. კანონი ძალაში 2018 წლის 1 მაისს შევა. ცვლილებების თანახმად, ქვეყანაში იკრძალება თამბაქოს მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებშო — ბარებში, რესტორნებში, სასტუმროებში, კაფეებსა და სხვა ნებისმიერ შენობაში. გამონაკლისი იქნება ბარებისა და რესტორნების ღია ვერანდები და ტერასები. ბახტურიძის აზრით, თამბაქოს წინააღმდეგ ასეთი მკაცრი კანონის მიღებით საქართველო ევროპულ სტანდარტებს უახლოვდება.

2018 წლის მაისიდან საქართველოში მოწევა დაიშვება მხოლოდ ქუჩაში, სახლებსა და სამორინეებში. მოწევას ასევე დაუშვებენ ციხეებსა და ფსიქიატრიულ კლინიკებში. უფრო მკაცრი ნორმები ამოქმედდება 2020 წლის იანვრიდან, როდესაც მოწევას აკრძალავენ ღია სტადიონებზე და სასტუმროების ნომრებში.