თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. ბრიტანელი რეჟისორის არმანდო იანუჩის ფილმს „სტალინის სიკვდილი“, რომელიც რუსეთში აკრძალეს, საქართველოს კინოთეატრებში 1 თებერვლიდან უჩვენებენ.
ფილმი „სტალინის სიკვდილი“ — სატირული კომედიაა, რომელიც 1953 წელს სკკპ ცკ-ის გენერალური მდივნის იოსებ სტალინის გარდაცვალების შემდეგ ხელისუფლებისთვის ბრძოლას ეხება. რუსულ კინოთეატრებში სურათი 2 იანვარს უნდა გამოსულიყო, თუმცა, რუსეთში ფილმმა ვნებათაღელვა გამოიწვია. მისი ნახვის შემდეგ რიგმა ცნობილმა პოლიტიკოსებმა და კულტურის საზოგადო მოღვაწეებმა ფილმის კინოგაქირავებიდან ამოღება მოითხოვეს.
ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ: ოლგა კურილენკო, ანდრეა რაიზბორო, რუპერტ ფრენდი, ჯეისონ აიზეკსი, სტივ ბუშემი.
ფილმის კინოთეატრებში ჩვენებას მოწინააღმდეგეები საქართველოშიც გამოუჩნდნენ. „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიის“ ლიდერის ალეკო ლურსმანაშვილის სიტყვებით, ქვეყნის ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებმაც არ იციან როგორ მოიქცნენ, როდესაც საუბარი ისტორიულ პიროვნებებს ეხება.
იოსებ სტალინი (ნამდვილი გვარი ჯუღაშვილი) 1879 წლის 21 დეკემბერს გორში დაიბადა. დღეს გორში იოსებ სტალინის სახელმწიფო მუზეუმია გახსნილი. იგი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუზეუმია, რომლისადმი ინტერესიც ტურისტების მხრიდან ყოველწლიურად იზრდება.
მუზეუმი 1957 წელს სტალინის გარდაცვალების შემდეგ გაიხსნა. თუმცა სახლში, რომელშიც ის დაიბადა, მემორიალური მუზეუმი ჯერ კიდევ 1937 წელს გაიხსნა.
იოსებ სტალინი 1953 წლის 5 მარტს გარდაიცვალა.