თბილისი, 1 თებერვალი —Sputnik. ზუგდიდის მერიის წინ გარემოვაჭრეების მიერ გამართულ აქციაზე ორი ადამიანი დაშავდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ზუგდიდში საკოლმეურნეო ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მომუშავე გარემოვაჭრეები მეორე დღეა საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მათი დახლების აღებას აპროტესტებენ და ზუგდიდის მერთან, ლაშა გოგიასთან შეხვედრას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები მერიაში შეჭრას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. ინცინდენტის დროს ორი გარემოვაჭრე დაშავდა.
ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ერთ დაშავებულს დახმარება ადგილზე აღმოუჩინა, მეორე კი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებულ ქალს ფეხი აქვს მოტეხილი.
გასულ კვირას, ზუგდიდის მერი ლაშა გოგია გარემოვაჭრეებს შეხვდა და ალტერნატიული სავაჭრო ფართები შესთავაზა, თუმცა, აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი უკმაყოფილოები არიან მერის მიერ შეთავაზებული პირობებით. მათი თქმით, მიზერული თანხით და მცირე რაოდენობის საქონლით ვერც ვაჭრობას და ვერც გადასახადის გადახდას შეძლებენ.