ნანოტექნოლოგია სტომატოლოგიაში: ქიმიკოსებმა კბილის „მუდმივი“ პლომბი შექმნეს

პირველმა ცდებმა აჩვენა, რომ ანტიბიოტიკისა და ნანონაწილაკების კომბინაციით მიღებული პლომბი დამზადებიდან ორი წლის შემდეგაც განაგრძობდა სტრეპტოკოკებისა და სხვა მიკრობების განადგურებას
Sputnik

თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. კანადელმა ქიმიკოსებმა ახალი ტიპის პლომბი შექმნეს, რომელიც კბილებს მიკრობების შეტევისგან ანტიბიოტიკური ნანონაწილაკების მეშვეობით იცავს, ნათქვამია ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნებულ სამეცნიერო სტატიაში.

ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორი ბენ ჰატონი (Ben Hatton) აღნიშნავს:

„ანტიბიოტიკებით გაჯერებული ნანონაწილაკები პლომბს კარიესის გამომწვევი მიკრობებისგან თავდაცვის წინა ხაზად აქცევს. მანამდე ასეთი შრეები მხოლოდ ორიოდე კვირის განმავლობაში ძლებდა. ახლა კი შევძელით ისეთი კომბინაციის შექმნა, რომელიც კბილებს მრავალი წლის განმავლობაში დაიცავს“.

მეცნიერების თქმით, პირველმა ცდებმა აჩვენა, რომ მათ მიერ აღმოჩენილი, ანტიბიოტიკისა და ნანონაწილაკების კომბინაციით მიღებული პლომბი დამზადებიდან ორი წლის შემდეგაც განაგრძობდა სტრეპტოკოკებისა და სხვა მიკრობების განადგურებას. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ახალი ტიპის პლომბს კბილების დაცვა პრაქტიკულად ადამიანის მთელი ცხოვრების განმავლობაში შეუძლია.