„ფეისბუქი“ არაკეთილსინდისიერი კომპანიების წინააღმდეგ: კრიპტოვალუტის რეკლამა აიკრძალა

კომპანიის პროდუქტების მართვის დირექტორმა მოუწოდა მომხმარებლებს, თუ სოციალურ ქსელში კრიპტოვალუტის ან ბინარული ოპციონების რეკლამას შენიშნავენ, შეატყობინონ „ფეისბუქის“ ადმინისტრაციას
Sputnik

თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. სოციალურმა ქსელმა „ფეისბუქმა“ კრიპტოვალუტების რეკლამის განთავსება აკრძალა, ამის თაობაზე კომპანიის პროდუქტების მართვის დირექტორმა რობ ლეზერნმა აცნობა მომხმარებელს Facebook business-ის გვერდზე.

ლეზერნის თქმით, სოციალურ ქსელში რეკლამის განთავსების ერთ-ერთი მთავარი წესი მისი უსაფრთხოებაა.

„ჩვენი ახალი პოლიტიკით, იკრძალება იმ ფინანსური პროდუქტებისა და მომსახურებების რეკლამა, რომლებიც ხშირად უკავშირდება შეცდომაში შეყვანისა და მოტყუების სარეკლამო პრაქტიკას, ისეთებს როგორებიცაა ბინარული ოპციონები და კრიპტოვალუტები. ჩვენ გვსურს, რომ ადამიანები ისე ეცნობოდნენ Facebook-ის რეკლამას, რომ არ ეშინოდეთ თაღლითობისა და მოტყუებისა. არსებობს მრავალი ისეთი კომპანია, რომლებიც რეკლამას უკეთებენ ბინარულ ოპციონებს, ICO-სა და კრიპტოვალუტებს, და რომლებიც არ მუშაობენ კეთილსინდისიერად“- აღნიშნა „ფეისბუქის“ პროდუქტების მართვის დირექტორმა.

მან ასევე მოუწოდა მომხმარებლებს, თუ სოციალურ ქსელში კრიპტოვალუტის ან ბინარული ოპციონების რეკლამას შენიშნავენ, შეატყობინონ „ფეისბუქის“ ადმინისტრაციას.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე თვის დასაწყისში გავრცელებული ინფორმაციით, „ფეისბუქის“ დამაარსებელ მარკ ცუკერბერგს კრიპტოვალუტის ყველა პლუსისა და მინუსის შესწავლა სურდა, რათა ის „ფეისბუქის “ მომხმარებლების სასიკეთოდ გამოეყენებინა.  მაშინ ამ გადაწყვეტილებაში ბევრმა კრიპტოვალუტა FaceCoin-ის შექმნაზე მინიშნება ამოიკითხა, რომლის შესახებაც უკვე კარგა ხანია, ხმები დადის.

საინტერესოა ისიც, რომ პირველი კრიპტოვალუტური მილიარდელები ცუკერბერგის პირადი მტრები, ძმები უინქლვოსები გახდნენ, რომლებიც „ფეისბუქის“ გამოჩენის პირველ წლებში ცუკერბერგს სასამართლოში ედავებოდნენ, თუმცა შემდეგ ფული ახალ კრიპტოვალუტასი, ბიტკოინში ჩადეს.