შსს-მ ტრანსგენდერ ქალზე თავდამსხმელი დააკავა

23 წლის მირანდა ფაღავას სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება.
Sputnik

თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დისკრიმინაციული მოტივით ვაკეში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 32 წლის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შემთხვევა 28 იანვარს, ვაკის პარკთან მოხდა. დაზარალებულს, 23 წლის მირანდა ფაღავას სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება. 

თბილისში ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ

როგორც ფაღავა საკუთარი Facebook-გვერდზე წერს, მარკეტში ფულის დასახურდავებლად შესვლისას უცხო პირმა დაუძახა და მასთან მისვლა სთხოვა. ფაღავას თქმით, თხოვნა დაჟინებულ მოთხოვნაში გადაიზარდა, შემდეგ კი ბრაზსა და ყვირილში. დაზარალებული განმარტავს, რომ თავდამსხმელი მამაკაცის გაღიზიანება მისმა გენდერულმა იდენტობამ გამოიწვია.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 28 იანვარს,  თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, დისკრიმინაციული მოტივით, განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ძალადობას და ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 120-დან 180 საათამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.