თბილისის მეტროს ყველა სადგურის რეაბილიტაცია დროებით შეჩერდა

სარემონტო სამუშაოები შესაბამისი შემოწმების გავლის შემდეგ განახლდება
Sputnik

თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. თბილისის მეტროპოლიტენის ყველა სადგურზე სარემონტო სამუშაოები დროებით შეჩერდა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

მერიამ კონტროლის გამკაცრების გადაწყვეტილება მეტროს სადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის შემდეგ მიიღო. სამშაბათს, დილით მომხდარი ინციდენტის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან 13 სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. სამ მათგანს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, დანარჩენებს კი სხვადასხვა სიმძიმის ტვინის შერყევა აქვთ მიღებული.

„ყველა მეტროსადგურში სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერდა. ყველა პროექტმა ექსპერტიზა უნდა გაიაროს“, – აღნიშნა კალაძემ. 

შემთხვევა მეტროში - მერია კონტროლს გაამკაცრებს

გარდა ამისა, ექსპერტიზის გავლამდე ქალაქის მერმა ყველა იმ კომპანიას შეუჩერა ნებართვა, რომლებიც სარემონტო სამუშაოებს ასრულებენ.

ბოლო პერიოდში სარემონტო სამუშაოები თბილისის მეტროპოლიტენის სამ სადგურში – „გურამიშვილზე“, „სამგორსა“ და „ავლაბარში“ ტარდებოდა.

„ვარკეთილში“ სარემონტო სამუშაოები დავით ნარმანიას მერობის პერიოდში, 2017 წლის აგვისტოში დასრულდა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, კითხვები არსებობს იმ კერძო კომპანიასთან, რომელმაც „ვარკეთილში“ სარემონტო სამუშაოები ჩაატარა.

დღეისთვის თბილისის მეტროპოლიტენი 23 სადგურს ითვლის, რომელიც ორ ხაზზე – ახმეტელი–ვარკეთილისა და საბურთლოს ხაზებზეა განთავსებული. მეტროს საერთო სიგრძე 57 კილომეტრია, მათგან პირველი ხაზი – 40 კმ, მეორე კი 17 კმ–ია.