თბილისის ერთ–ერთ ისტორიულ შენობაში ფეშენებელური სასტუმრო განთავსდება

ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობაზე 500 ადამიანი დასაქმდება
Sputnik

თბილისი, 31 იანვარი — Sputnik.  მსოფლიო ბრენდ Hilton–ის ფეშენებელურ სასტუმროს თბილისის ერთ–ერთ ისტორიულ შენობაში 2020 წელს გახსნიან, სადაც ადრე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო იყო განთავსებული.

თბილისის ცენტრში, კოსტავას ქუჩაზე 200 ნომერზე გათვლილ ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს პროექტის განსახორციელებლად, 45 მლნ ევროს ოდენობის ინვესტიცია განხორციელდება. შესაბამისი კონტრაქტი საერთაშორისო კორპორაცია Hilton–მა და კომპანია  Granat Investment Georgia–მ გააფორმეს. 

შემთხვევა მეტროში - მერია კონტროლს გაამკაცრებს

მშენებლობის დაწყების საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და თბილისის მერი კახა კალაძე ესწრებოდნენ.

 „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს დედაქალაქს კიდევ ერთი ლამაზი სასტუმრო შეემატება. ამასთან, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ის Hilton–ის  ბრენდის ქვეშ იქნება. დღეს საქართველოში ტურიზმის მზარდი დინამიკაა. ეს სასტუმრო აბსოლუტურად ყველასთვის სასარგებლო იქნება”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

კალაძის სიტყვებით, მშენებლობის დაწყება დაახლოებით 10 წელი ჭიანურდებოდა.

 „ჩემთვის, როგორც მერისთვის, მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ ჩვენ დედაქალაქში სამუშაო ადგილებს ვქმნით. მშენებლობაზე 500 ადამიანი დასაქმდება, ხოლო მშენებლობის დასრულებისა და ექსპლუატაციაში ჩაშვების  შემდეგ კი 300 მუდმივი ახალი სამუშაო ადგილი გაჩნდება“, – განაცხადა კალაძემ.

მშენებლობა 2019 წლის ბოლოს დასრულდება, ხოლო სასტუმრო ექსპლუატაციაში  2020 წელს შევა.

საქართველოში Hilton–ის ერთი სასტუმრო უკვე ფუნქციონირებს, რომელიც ბათუმში მდებარეობს.