თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. მეტროს სადგური „ვარკეთილი“, რომელშიც დღეს, დილით ჭერი ჩამოინგრა და სადაც 14 ადამიანი დაშავდა, მუშაობას, სავარაუდოდ, 31 იანვარს, დილის 6 საათზე განაახლებს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi) თბილისის სატრანსპორტო კომპანიაზე დაყრდნობით.
დღეს მეტროს სადგურ „ვარკეთილში" ე.წ. დაკიდული ჭერის კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთ-ერთი პოლიციელია. ისინი სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულების უმეტესობას მოტეხილობები აღენიშნება. ერთ-ერთ მათგანს კი დაზიანებული აქვს ხერხემალი.
გავრცელებული ინფორმაციით, „ვარკეთილის“ ქვედა ვესტიბიულში დაკიდული ჭერის ჩამონგრევის დროს მგზავრთა ნაწილი მატარებლის ვაგონებში იმყოფებოდა, ნაწილი კი მოსაცდელ დარბაზში. შემთხვევის დროს გაითიშა ელექტროენერგიაც და მოხდა დაკვამლიანება.
დაშავებულთა სამედიცინო მომსახურების ხარჯებს თავის თავზე მერია და ჯანდაცვის სამინისტრო აიღებენ.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, მეტროს სადგურში სპეციალისტებმა ჩამოიღეს ჭერის ის ნაწილიც, რომელიც დღეს დილით არ ჩამონგრეულა, ასევე ასუფთავებენ ტერიტორიას.
ამჟამად თბილისის მეტროში მატარებლები სადგურ „ახმეტელის თეატრიდან" „300 არაგველამდე" მოძრაობენ.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისში დეტალურად შემოწმდება ყველა ობიექტი — ბაღები, სპორტული კომპლექსები, მეტროს სადგურები და ყველა დამნაშავე დანაშაულის შესაბამისად აგებს პასუხს.
მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.
სადგურ „ვარკეთილში" სამუშაოები 2016 წელს დაიწყო და 2017 წლის აგვისტოში დასრულდა, მეტროს განახლებული სადგური კი ექსპლუატაციაში 2017 წლის სექტემბერში შევიდა.
საქართველოს დედაქალაქში მეტრო 1966 წლის 11 იანვარს გაიხსნა და ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში რიგით მეოთხე იყო — მოსკოვის, პეტერბურგისა და კიევის შემდეგ.
თბილისის მეტროპოლიტენი ყოველდღიურად 290 ათასამდე მგზავრს ემსახურება. საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაში მგზავრთა რაოდენობით მეტრო სამარშრუტო ტაქსებისა და ავტობუსების შემდეგ მესამე ადგილს იკავებს.
2017 წელს თბილისში სამი სადგური გარემონტდა — „ახმეტელის თეატრი", „ავლაბარი" და „ვარკეთილი". 16 ოქტომბერს თბილისში მეტროს ახალი, რიგით 23-ე სადგური — „სახელმწიფო უნივერსიტეტი" გაიხსნა.
2018 წელს მეტროს 11 სადგურის რეაბილიტაციაა დაგეგმილი.