სპელეო–გამაჯანსაღებელი მღვიმე საქართველოში – კავკასიაში პირველი

საქართველოში გაჩნდება ადგილი, სადაც ბრონქული ასთმით დაავადებული ბავშვები კლიმატოთერაპიას ჩაიტარებენ.
Sputnik

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. კავკასიაში პირველი სპელეო–გამაჯანსაღებელი მღვიმე საქართველოში 2018 წლის გაზაფხულზე გაიხსნება, იუწყება სააგენტო Новости-Грузия საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროზე დაყრდნობით.

საწურბლიას მღვიმე (იმერეთის რეგიონი) კავკასიის რეგიონში შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების მქონე პირველი საერთაშორისო სპელეო–გამაჯანსაღებელი მღვიმე იქნება.

მღვიმეში დამონტაჟდა განათების სისტემა, გაიხსნა ვიზიტორების ცენტრი, ამბულატორია. პროექტის განსახორციელებლად საქართველოს ბიუჯეტიდან 647 ათასი ლარი გამოიყო. 

ნავენახევის მღვიმეში ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო

მღვიმის ბუნებრივი სამკურნალო თვისებები ქართველმა და ჩეხმა მეცნიერებმა შეისწავლეს. მათი დასკვნით, საწურბლიას მღვიმე უნიკალური მიკროკლიმატით გამოირჩევა. მღვიმეში აღმოჩენილი რადიოაქტიური ნახშირბადის რაოდენობა ადამიანების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და სასარგებლოა. განსაკუთრებულ მიკროკლიმატს სხვადასხვა სახეობის სოკოები და მაღალი ტენიანობა ქმნის, რაც მთლიანობაში ძლიერ ანტიბიოტიკს წარმოადგენს.

სპელეოთერაპია არამედიკამენტოზური მკურნალობის საშუალება, კლიმატოთერაპიის ნაირსახეობაა. 

მკურნალობის ერთი კურსი 10 დღე გრძელდება – დღეში 3 საათი. კურსის გამეორება სამი თვის შემდეგაა შესაძლებელი.

გარდა ამისა, მღვიმეში მოეწყობა სათამაშო მოედანი და მოსასვენებელი ზონა ბავშვებისთვის.

საწურბლიას მღვიმე 1976 წელს აღმოაჩინეს. ის პრომეთეს მღვიმიდან ორ კილომეტრში მდებარეობს.