სააკაშვილმა პოროშენკოს სასამართლოში მისვლა ვერ აიძულა

სააკაშვილის ადვოკატები მოითხოვდნენ, რომ სასამართლოს დაეკისრებინა პოროშენკოსთვის ან სასამართლოში პირადად გამოცხადებულიყო, ან პროფესიონალი ადვოკატი აეყვანა
Sputnik

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. უკრაინის უმაღლესმა სასამართლომ ორშაბათს უარი განაცხადა დაევალდებულებინა პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთვის თავად მიეღო მონაწილეობა საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სარჩელის განხილვაში, რომელიც მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის არამართებულობას ეხება, იუწყება РИА Новости.

სააკაშვილს სახლში დროულად მისვლა დაავალეს

მოპასუხის სტატუსით საქმეზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი წარდგა. სააკაშვილის ადვოკატებმა თავის შუამდგომლობაში აღნიშნეს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელს არასათანადოდ მიიჩნევენ, რადგან საქმეში მისი მონაწილეობის შესახებ დავალებას პოროშენკოს პირადად ხელი არ მოუწერია.

„სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა“, — განაცხადა სასამართლოს თავმჯდომარემ რაისა ხანოვამ.

უკრაინის მოქალაქეობაჩამორთმეულმა სააკაშვილმა 10 სექტემბერს მომხრეების მხარდაჭერითა და დახმარებით გაარღვია საზღვარი და უკრაინის ტერიტორიაზე შევიდა. იგი უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნებას სასამართლოს გზით ცდილობს, აკრიტიკებს უკრაინის ხელისუფლებას და მათ წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს მართავს.