ვენეციის კომისიის რეკომენდაციები კონსტიტუციაში მარტში აისახება

საქართველოს პარლამენტი 21 მარტამდე საბოლოოდ უყრის კენჭს იმ ცვლილებებს, რომლებშიც ასახულია ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
Sputnik

„საქმე ეხება ე.წ. ბონუსების სისტემის გაუქმებას და სხვა ცვლილებებს, რომლებიც არის შეტანილი კონსტიტუციაში ვენეციის კომისიის პოზიციებიდან გამომდინარე“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საკონსტიტუციო ცვლილებები ითვალისწინებს „ბონუსების სიტემის“ გაუქმებას პარლამენტში ადგილების განაწილებისას, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის ბლოკების შექმნის შესაძლებლობას, აღმსარებლობის თავისუფლების დაცვის სტანდარტების დაზუსტებას და საკონსტიტუციო სასამართლოსთვის არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას კვორუმის დაწევას.

საქართველოს განახლებულ კონსტიტუციაზე მუშაობა რვა თვის განმავლობაში მიმდინარეობდა – თავიდან სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში, შემდეგ კი ქვეყნის პარლამენტში.

მთელი ეს პროცესი მმართველ პარტიასა და პრეზიდენტს შორის ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობდა.