გოგოლის დამწვარი „მკვდარი სულები“, დოსტოევსკის წაგებული ქონება და ვერაგი სამორინე...

90-იანი წლების დასაწყისში „ჰორეს ფილმის“ მიწვევით ბავარიაში რამდენიმე თვის გატარება მომიწია. ჩემი მასპინძლები – დიტერ ჰორესი და კურტ ფონ ჰუტენი, გარდა იმისა, რომ თავის საქმეზე უზომოდ იყვნენ შეყვარებული, ჩემსავით საკუთარი ქვეყნის ისტორიის დიდი დამფასებლებიც აღმოჩნდნენ.
Sputnik

თავისუფალ დროს მიუნხენის ახლო რეგიონებს ვსტუმრობდით და ბევრი საინტერესო ამბავიც მოვისმინე და ვნახე. ორმეტრიანი კურტი, ბავარიის უძველესი არისტოკრატული გვარის ბარონ ფონ ჰუტენების შთამომავალი, გახლდათ ამ მოგზაურობებში ჩემი მთავარი „ჩიჩერონე“.

მისი წინაპრების საგვარეულო მამულები ჰესენის მხარეში მდებარეობდა. ერთ პატარა სოფელში ახლაც აქვთ გვარიანად შელახული ძველებური სასახლე, საიდანაც ვაწყობდით გასვლით ტურებს. სოფლიდან ერთი ხელის გაწვდენაზეა ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ფრანკფურტის აეროპორტი, თუმცა ამაზე მეტად დამაინტერესა საკურორტო ქალაქმა ბად-ჰომბურგმა, რომელიც, კურტის თქმით, ერთ დროს მის საგვარეულოს ეკუთვნოდა.

ბად ჰომბურგი

ფრანკფურტიდან მეტროთი ჩავედით ბად-ჰომბურგში. აქაურობა საკურორტო ზონად XIX საუკუნეში უღიარებიათ სამკურნალო წყლების დამსახურებით. თუმცა ვერავინ ამიხსნა, კერძოდ რა დაავადებებს კურნავს ეს წყალი, რომელიც ჩვეულებრივისგან  ერთადერთი, ცუდი გემოთი განსხვავდება. აქ, ალბათ, საქართველოს უნიკალურ მინერალურ წყლებზე მინიშნების გაკეთება მმართებს, მაგრამ ამ ჯერზე თემას არ გადავუხვევ, მით უმეტეს, რომ ბად-ჰომბურგმა სულ სხვა რამის გამო დამაინტერესა.

სასახლე ტაუნუსში

მეოცე საუკუნის დასაწყისში ეს კუთხე რუსი არისტოკრატების საყვარელ კურორტად ქცეულა, თვით იმპერატორ ნიკოლოზ მეორეს მიუღია მონაწილეობა ყოველთა წმინდათა ეკლესიის საფუძველის ჩაყრაში. 1845 წელს კი სწორედ აქ ნიკოლაი ვასილევიჩ გოგოლმა ცეცხლში დაწვა პოემა „მკვდარი სულების“ მეორე ტომის ვარიანტი.

მის გარდა ჰესენის ამ მხარეს არაერთგზის სტუმრობდა კიდევ ერთი დიდი რუსი მწერალი — დოსტოევსკი, რომლის მთავარი გატაცებაც არა მინერალური წყლები, არამედ იმ დროს ევროპაში ცნობილი სამორინე გახლდათ. როგორც ირკვევა, გენიალური მწერალი ვერაფერი შვილი მოთამაშე ყოფილა და ხშირად უკანასკნელ გროშებსაც აგებდა. გამოუვალ მდგომარეობაში მყოფს ისევ მდიდარი რუსი არისტოკრატები ეხმარებოდნენ. ერთ-ერთ წერილში მეუღლეს სწერს: „…გუშინ საოცარი დღე იყო! ულამაზესი პარკი, დიდებული პანსიონატი და შესანიშნავი მუსიკა. აქ ცხოვრებას არაფერი აჯობებდა ეს დაწყევლილი რულეტკა რომ არ არსებობდეს“… მისი ცნობილი რომანი „მოთამაშე“ სწორედ ბად-ჰომბურგში მიღებული შთაბეჭდილებებით არის ნასაზრდოები. გერმანელებმა კარგად უწყოდნენ, ვის მასპინძლობდნენ და კურორტის პარკში მისი სახელობის ხეივანი მოაწყვეს, მის დამაქცევარ სამორინეს შენობაში კი მისი პორტრეტია გამოფენილი. მოგვიანებით, 2014 წელს დიდ მწერალს ძეგლიც დაუდგეს.

ბად ჰომბურგის სამორინე

არის ქალაქში ერთი ქუჩა — კისელიოფშტრასე, რომელიც რუსი არისტოკრატი ქალბატონის, გრაფინია სოფია კისელიოვას სახელს უკავშირდება. ეს ქალბატონი ახალგაზრდობისას გახლდათ პუშკინის მუზა „ბახჩისარაის შადრევნის“ შექმნისას. ჰომბურგში მისი ჩამოსვლა დაემთხვა სამორინეს გახსნას; როგორც ამბობენ, უკვე ხანშიშესული გრაფინია დროის დიდ ნაწილს სწორედ აქ ატარებდა და მიუხედავად იმისა, რომ ხშირად აგებდა, მის ქონებაზე ეს არ აისახებოდა, რადგან სამორინეში წილის საკმაოდ მსხვილ ლუკმას ფლობდა. უკვე დაუძლურებული, მსახურებს მოჰყავდათ კაზინოში. 1872 წელს სამორინე ოფიციალურად დაიხურა და მას შემდეგ გრაფინია ამ ქალაქში არავის უნახავს.

კეისარი ვილჰელმის სასახლე ბად ჰომბურგში

პირველი მსოფლიო ომის დაწყებამ აქაურ იდილიასაც მოუღო ბოლო. სასიამო და სასურველი სტუმრებიდან რუსი არისტოკრატები მტრებად იქცნენ და სასწრაფო წესით ქალაქის დატოვება მოუწიათ. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ბევრი მათგანი ისევ დაბრუნდა საყვარელ ქალაქში და პირველი, რაც გააკეთეს… სამორინეში ვალები გადაიხადეს! ამ ადამიანებისთვის ოდესღაც მიცემული პატიოსანი სიტყვის ასრულება ღირსების საკითხი იყო.

სასახლე ბად ჰომბურგში

ასეთი გახლდათ ჰესენის მხარეში ჩემი მოგზაურობის ერთი ეპიზოდი. უნდა ვაღიარო, რომ გენიალური დოსტოევსკის დარად მეც გვარიანი ლუდომანი (აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას ნიშნავს) გახლავართ. იმ მაგიდაზეც მომიწია თამაში, რომლის თავზეც დოსტოევსკის სურათი ჰკიდია. მცირე თანხა მეც წავაგე, მაგრამ დიდი მწერლის გენიალურობა „რატომღაც“ არ გადმომედო…