ყვარელში ყარაჯაანთ ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ეკლესია უკვე 30 წელზე მეტია იტბორება და მას საფრთხე ემუქრება.
Sputnik

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. ყვარლის მუნიციპალიტეტის, სოფელ გავაზში მდებარე XV-XVI საუკუნეების ყარაჯაანთ ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა, ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ყარაჯაანთ ეკლესია დარბაზულია და ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით. საშენ მასალად გამოყენებულია აგურიც.

ქართული კვალი ისრაელში: აღმოჩენილია VI საუკუნის ტაძარი

აბსიდაზე შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტი, თუმცა გამოსახულების აღქმა შეუძლებელია.

სახურავი გადახურულია კრამიტით. ტაძარზე დასავლეთიდან მიდგმულია ორსართულიანი სამრეკლო, რომელიც ნაგებია სხვადასხვა ზომის ქვით. პირველი სართული კარიბჭის როლს ასრულებს.

კარიბჭის შესასვლელის ორივე მხარეს თითო მოგრძო ქვაა ჩადგმული, რომელზეც ქართული ასომთავრულით შესრულებული წარწერა იკითხება.

ყარაჯაანთ ეკლესია უკვე 30 წელზე მეტია იტბორება და მას საფრთხე ემუქრება. როგორც სააგენტოში აცხადებენ, ეკლესიის გადარჩენის გზებზე  უახლოეს მომავალში იმსჯელებენ.