შრი-ლანკა, იგივე ცეილონის კუნძული — ბაობაბების, ორქიდეების, ლოტოსის, მსოფლიოში ყველაზე სურნელოვანი ჩაის, სპილოების, ნიანგების და ტროპიკული წვიმების ქვეყანაა. აქ პეიზაჟების და კლიმატური ზონების საოცარი მრავალფეროვნებაა, ნოტიო ჰავა კი პაპაიას, ბანანისა და მანგოს არომატითაა გაჟღენთილი.
შეგიძლიათ ქვიშის უკიდეგანო სანაპიროებზე მზით დატკბე… თუ დასასვენებლად მთას ანიჭებ უპირატესობას, მაღალმთიან შრი-ლანკას მიაშურე, სადაც თვალწინ ულამაზესი ხედები გადაგეშლება — ჩაის პლანტაციები, ბანანისა და ავოკადოს ტევრები… მიყვები გზებს და თითქოს ცაში ადიხარ, სადაც სქელი ნისლი ნახევრად ფარავს მთის წვერიდან გადმოვარდნილ ჩანჩქერებს…
ტროპიკული კუნძული-ქვეყანა შრი-ლანკა ინდოეთის ოკეანეში მდებარეობს. ის თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიით ამაყობს. ამასთანავე, ეს ქვეყანა ბუდისტური რელიგიის უძველეს ცენტრად მიიჩნევა. აქ მოსახლეობის 75% ბუდისტია. 1517 წლიდან მოყოლებული ჯერ პორტუგალიელებმა, შემდეგ კი ჰოლანდიელებმა დაიპყრეს. 1815 წელს კი კუნძული ბრიტანეთის კოლონია გახდა. იმ პერიოდში ევროპულ ენებზე კუნძულს ცეილონს უწოდებდნენ, თუმცა 1948 წელს კუნძულმა დამოუკიდებლობა მოიპოვა და შრი-ლანკა („კურთხეული მიწა“) ეწოდა. 1955 წლიდან შრი-ლანკა გაეროს წევრი ქვეყანაა.
ინდოეთთან ტერიტორიულმა სიახლოვემ გარკვეული გავლენა იქონია ქვეყნის ისტორიულ განვითარებაზე — ამ ორი ხალხის კულტურა ძალიან ჰგავს ერთმანეთს და ამის გამო ტურისტები შრი-ლანკას ხშირად ინდოეთის ნაწილად მიიჩნევენ. სინამდვილეში ის დამოუკიდებელი სახელმწიფოა. აქ მულტიეთნიკური მოსახლეობა ცხოვრობს, რომელთა უმეტესობას სინჰალები შეადგენენ.
როდის გავემგზავროთ შრი-ლანკაში
შრი-ლანკა მაღალმთიან და სანაპირო რეგიონებად იყოფა. მისი კლიმატი და ბუნება სხვადასხვა რეგიონში ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავებულია, საერთო კი ის არის, რომ აქ ზამთარი არ არსებობს და თოვლიც არავის უნახავს.
თუ შრი-ლანკაში გამგზავრებას გადაწყვეტთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ტროპიკული ქვეყანაა და გაარკვიეთ, კუნძულის რომელ ნაწილში ჯობია ამა თუ იმ სეზონზე გამგზავრება. ტენიანობა და წვიმები აპრილის თვიდან იმატებს, თუმცა, წვიმების მიუხედავად, რომელიც ნახევარი ან ერთი საათით გრძელდება, მაინც ძალიან ცხელა და რამდენიმე წუთიანი ტროპიკული შხაპი შვებასაც კი მოგგვრით. როცა საქართველოში ზამთარია, იქ არაჩვეულებრივი, თბილი ამინდები დგას. საუკეთესო დრო შრი-ლანკას მოსანახულებლად ნოემბრიდან აპრილის ბოლომდე გრძელდება. საშუალო წლიური ტემპერატურა კი + 27 გრადუსია.
როგორ გავფრინდეთ
საქართველოდან შრი–ლანკაზე პირდაპირი რეისით მოხვედრა ფაქტობრივად შეუძლებელია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თბილისი-დოჰა-კოლომბო, ან თბილისი-დუბაი-კოლომბოს რეისებით შეძლებთ კუნძულზე მოხვედრას. ორმხრივი ავიაბილეთების ყიდვას კი 500 $-დან შეძლებთ.
ვიზა
საქართველოს მოქალაქე, რომელიც შრი-ლანკაში მიემგზავრება, ვიზას სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მიიღებს. ამისთვის მან უნდა წარადგინოს ფოტო (ბიომეტრიული) გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე, პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე, დახურული ბილეთი და სავიზო მოსაკრებელი — 20-30 აშშ დოლარი.
სად გავჩერდეთ
შრი-ლანკაზე სასტუმროების დიდი არჩევანია. შრი-ლანკა საკმაოდ იაფი ქვეყანაა, ამიტომ სასტუმროში ცხოვრება ძვირი არ დაგიჯდებათ, მომსახურეობა კი ფასის შესაბამისია. ჰოსტელში 2 ადამიანზე ნომრის დაქირავებას (იზოლირებული აბანოთი, უფასო ინტერნეტით) ერთი ღამით 15- 20 ლარიდან შეძლებთ.
ადგილობრივი ვალუტა
შრი–ლანკის ეროვნული ვალუტა არის რუპია. ბრუნვაში შეგხვდებათ 10, 20, 50, 100, 500 და 1000 რუპიის კუპიურები. შრი-ლანკური რუპიის გადახურდავებას კოლომბოს აეროპორტში, ბანკებსა და სასტუმროებში შეძლებთ.
ტრანსპორტი
აეროპორტიდან სასტუმრომდე მისასვლელად მანქანის, ან მინივენის ქირაობა შეგიძლიათ, თუმცა მათი ქირაობა აუცილებელი სულაც არ არის: აეროპორტთან უამრავი ტაქსი დაგხვდებათ.
ქალაქში, შიდა გადაადგილებისთვის კი საუკეთესო ტრანსპორტია ტუკტუკი, რომელშიც სამი ადამიანი ეტევა, სწრაფად გადაადგილდება და იაფია. მათ ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით.
სამგზავროდ, ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ ავტობუსით, რომელიც ყველაზე იაფი ტრანსპორტია შრი-ლანკაში, თუ რა თქმა უნდა, სიცხეში უამრავ ადამიანთან ერთად მოგზაურობა გხიბლავთ და დროის პრობლემაც არ გაქვთ.
ეგზოტიკური სამზარეულო
შრი-ლანკური სამზარეულო ნამდვილი სამოთხეა ცხარე კერძების მოყვარულთათვის.
შრი-ლანკელების რაციონში, როგორც წესი, სჭარბობს მცენარეული საჭმელი, ხორცს ისინი გაცილებით ნაკლები რაოდენობით მიირთმევენ. კერძების მოსამზადებლად გამოიყენება თევზი, სხვადასხვა ტროპიკული ნაყოფი, დიდი რაოდენობით მწვანილი და სანელებლები, რომელთა მიმართ უსაზღვრო სიყვარული აქვთ. ბრინჯი და კარი — ამ კუნძულზე მცხოვრებთა ტრადიციული საჭმელია.
შრი–ლანკის კერძთა უმრავლესობაში გამოიყენება ქოქოსის რბილობი, ქოქოსის წვენი, ქოქოსის კარაქი, პალმის ნექტარი. ნებისმიერ კერძში შრი–ლანკელები ქოქოსის რძეს ამატებენ.
შრი-ლანკელთა საფირმო საჭმელია „ლამპრაისი“ — ბანანის ფოთლებში მომზადებული ბრინჯი და ხორცი, რომელიც შრი-ლანკურ-ჰოლანდიურ ნაზავს წარმოადგენს.
პირდაპირ სანაპიროზე მოგიმზადებენ თევზს, ხამანწკებს, კიბორჩხლებსა და ლანგუსტებს.
აქაური ეგზოტიკური საჭმელია „პიტუ“, რომელიც ქოქოსისა და ფქვილისგან მზადდება.
და ბოლოს — ადგილობრივი დესერტი „ქირიმი“ — კამეჩის რძისგან დამზადებული შრი-ლანკური „მაწონი“.
იქ ყოფნისას გაითვალისწინეთ, რომ სასმელი წყალი უხარისხოა და ამიტომ მხოლოდ ბოთლით ნაყიდი წყლით ისარგებლეთ.
ალკოჰოლი, თუნდაც მსუბუქი, მხოლოდ ერთეულ მაღაზიებსა და დიდ სუპერმარკეტებშია ხელმისაწვდომი, რესტორნებსა და კაფეებშიც ყველგან ვერ შეიძენთ. ხოლო მთვარის დღესასწაულზე — პოიას დღეებში (Holiday Poya), ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა საერთოდ აკრძალულია.
და ბოლოს, არ დატოვოთ შრი-ლანკა ისე, ცნობილი ცეილონის ჩაი რომ არ დააგემოვნოთ.
რა ენაზე ვისაუბროთ
შრი-ლანკაში ორი ოფიციალური ენა — სინჰალურია, რომელზეც მოსახლეობის 75% საუბრობს, და თამილი. ინგლისურად მოსახლეობის მხოლოდ 10% ლაპარაკობს — ქალაქის მცხოვრებლები, სამთავრობო უწყებებისა და ტურიზმის სფეროში დასაქმებულები. ასე რომ, ამ ქვეყანაში უფრო მეტად ჟესტების ენა გამოგადგებათ. ხშირად მოიშველიეთ ხელ-ფეხი და ეცადეთ, გასაგებად აუხსნათ, რა გსურთ.
შრი-ლანკელები ძალიან სტუმართმოყვარე ხალხია. მუდმივად გიღიმიან და ხალხმრავალი თავშეყრის ადგილებში სულ ყურადღების ცენტრში მოექცევით.
მათში აღფრთოვანებას იწვევს სინჰალურად ნასწავლი ორიოდე სიტყვაც კი. გთავაზობთ რამდენიმე სიტყვას მათ ენაზე: ისტუტი —მადლობა, გოჰამადა- გამარჯობა/როგორ ხარ, რასაი — გემრიელი, ჰონდაი —კარგია.
გაითვალისწინეთ, სინჰალებისთვის კოცნა ტრადიციული არ არის. კოცნის ნაცვლად ისინი ერთმანეთს გულში იკრავენ, თავებს მიუახლოვებენ და ყურთან ყნოსავენ. ამიტომ, ენაში კოცნის და ყნოსვის აღსანიშნავად მხოლოდ ერთი სიტყვა „იმბინავა“ აქვთ.
რა უნდა გაითვალისწინოთ შრი-ლანკაზე ყოფნისას
იმის გამო, რომ ქვეყანაში არასტაბილური პოლიტიკური ვითარება ხშირადაა, მუდმივად მოწმდება ტურისტების დოკუმენტები. ასე რომ, სადაც არ უნდა იყოთ, თან ყოველთვის იქონიეთ თქვენი საერთაშორისო პასპორტი.
შრი-ლანკაში წასვლამდე აუცილებლად შეიძინეთ მწერებისგან დამცავი სითხე.
როდესაც ბუდისტურ ტაძარში შეხვალთ, ფეხსაცმელი კართან დატოვეთ, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ტაძრებში ფოტოების გადაღება დაშვებულია.
კუნძულზე, ჯუნგლებში ნამდვილი აბორიგენები მართლაც ცხოვრობენ. ისინი ჯერ კიდევ მშვილდ-ისრით მოიპოვებენ საკვებს და პირველყოფილი ადამიანების მსგავსად იცვამენ.
ხშირად ევაჭრეთ ფასებზე ადგილობრივებს. ისინი ნელ-ნელა ყველაფერს აკლებენ. ცოტა შევაჭრების ნიჭი თუ არ გაქვთ, უგემრიელეს ბანანებსაც ორმაგ ფასად მოგყიდიან.
დღესასწაულები და ფესტივალები
შრი-ლანკა განთქმულია თავისი დღესასწაულებით. ისინი, ძირითადად, ბუდიზმთანაა დაკავშირებული და თითქმის ყოველთვე იმართება. ტურისტებისთვის ყველაზე საყვარელი ფესტივალია პერახერა, რომელიც ივლისის ბოლოდან აგვისტომდე 10 დღის მანძილზე გრძელდება. ამ დღეების განმავლობაში იმართება მსვლელობები მრავალფეროვანი ცეკვებითა და მორთული სპილოების თანხლებით.
შრი-ლანკური ახალი წელი, როგორც წესი ემთხვევა აპრილის შუა რიცხვებს, არის არარელიგიური დღესასწაული და მას აღნიშნავს კუნძულის მთელი მოსახლეობა, რწმენის მიუხედავად.
რა არ უნდა გამოგრჩეთ შრი-ლანკაში მოგზაურობისას
შრი-ლანკას კულტურის სიმდიდრე აღიარებულია იუნესკოს მიერ, რომელმაც ქვეყნის 7 არქეოლოგიური ძეგლი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად გამოაცხადა.
სიგირიია Sigiriya
კოლომბოდან 161 კმ-ში, სიგირიის კლდეზე, ძვ.წ.-ით მეხუთე საუკუნეშია აგებული სიგირიიას კომპლექსი, რომელსაც ლომის კლდესაც ეძახიან. კლდის ირგვლივ მიმოფანტულია ციხე–სიმაგრის და წყლის ბაღების ნანგრევები, რაც მიგვანიშნებს რომ აქ ერთ დროს უძველესი ქალაქი არსებობდა. კლდის ერთ მხარეზე შემორჩენილია გიგანტური ლომის თათები, რომელიც მეფის სასახლისკენ მიმავალ კიბეს იცავდა.
ამბობენ ამ ქვაბულებში გამოკეტილი ბუდისტები ყველაზე ახლოს არიან ბუდასთანო.
დამბულა Dambulla
სიგირიის სამხრეთით დამბულას მთა მდებარეობს, რომელიც ცნობილია უნიკალური ოქროს მღვიმე-ტაძრებით და მონასტრებით. ეს ადგილიც იუნესკოს დაცვის ქვეშ იმყოფება.
გამოქვაბულში მდებარე მონასტერში, სადაც ბუდისტი ბერები ცხოვრობენ და კედლები 2000 წლის ფრესკებით არის მოხატული. ფრესკებზე ბუდას ცხოვრების სცენებია ასახული. ტაძრის კედლებისა და ჭერის მოხატულობა მსოფლიოში ყველაზე დიდ, ანტიკური ფერწერის ტილოს წარმოადგენს. მონასტერში ასევე დაცულია სხვადასხვა ზომის, 153 ბუდას ქანდაკება, აქედან ერთ–ერთი არის 15 მეტრის სიგრძის მწოლიარე ბუდას ქანდაკება.
კანდი Kandy
კოლომბოს შემდეგ კანდი სიდიდით მეორე ქალაქია შრი-ლანკაში და კუნძულის მთელ ტერიტორიაზე ყველაზე მშვიდობიან და უსაფრთხო ადგილად მიიჩნევა. 1988 წელს ეს ქალაქი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად გამოაცხადა. კანდიში მდებარეობს ბუდას კბილის ტაძარი. ლეგენდის თანახმად, ტაძარში ინახება ბუდას კბილი, რომელიც მნიშვნელოვანი ელემენტია შრი-ლანკის რელიგიურ და საზოგადოებრივ კულტურაში. სწორედ ბუდას კბილს ეძღვნება უდიდესი პერაჰატრას ფესტივალი, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში, ზაფხულობით მართავენ კუნძულზე.
გალე Galle
ამ ქალაქმა თავისი განვითარების ზენიტს XVIII საუკუნეში, ჰოლანდიელების კოლონიურ პერიოდში მიაღწია. გალეს ციხე-სიმაგრე 1988 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს. დღეს ქალაქი სავსეა პატარა ბუტიკებით, მაღაზიებით, კაფეებითა და სასტუმროებით.
აუცილებლად შეიარეთ გალეს ციხე-სიმაგრეში, რომელიც მრავალი საუკუნის წინ შექმნილ, კულტურული მემკვიდრეობის წარმოუდგენელ კოლექციას მოიცავს.
ანურადჰაპურა Anuradhapura
ანურადჰაპურა შრი-ლანკის პირველი ძველი დედაქალაქია და ისიც ამჟამად იუნესკოს დაცვის ქვეშაა. ამ ქალაქში იზრდება ყველაზე ძველი ხე — მაჰაბოდჰი, რომელიც 2250 წლისაა. ბუდისტების წარმოდგენით, ეს არის წმინდა ხე, რომელიც მათ სხვადასხვა განსაცდელისგან იცავს.
აქვე შეგიძლიათ, მოინახულოთ ხუთმეტრიანი გუმბათით დამშვენებული რუანველის ტაძარი.
პოლონარუვა Polonnaruwa
პოლონარუვა შრი-ლანკას მეორე უძველესი და ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქია. ქალაქი ცნობილია პარაკრამას ხელოვნური ტბით, ასევე, ბუდას გიგანტური ქანდაკებით, რომლის სიმაღლე 40 მეტრია და გამოთლილია მასიური გრანიტისგან. 1982 წელს ქალაქი იუნესკოს მიერ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადდა.
ადამის მწვერვალი Adam’s peak
წმინდა ადამის მთა იმ ადგილადაა მიჩნეული, სადაც დედამიწაზე პირველი ადამიანი — ადამი დაიბადა. ლეგენდის მიხედვით, ადამის მწვერვალზეა მისი ქუსლის ნაკვალევი, რომელსაც ყოველწლიურად უამრავი ადამიანი სტუმრობს მოსალოცად. ბუდისტებისთვის ნაკვალევი ბუდას ეკუთვნის, მუსლიმები და ქრისტიანები კი მიიჩნევენ, რომ ეს პირველი ადამიანის- ადამის ნაკვალევია.
სინხარაჯა — Sinharaja
მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად არის მიჩნეული ტროპიკული ჯუნგლები — სინხარაჯას ნაკრძალიც, რომელიც აღიარებულია მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ ადგილად. ტროპიკული ტენიანი ტყის, სინხარაჯას ჯუნგლები ოფიციალურად, პლანეტის 34 ყველაზე უნიკალურ ადგილს შორის ერთ-ერთია თავისი მრავალფეროვნებით.
იალას ეროვნული პარკი Yala National Park
იალას ეროვნული პარკი ცნობილია თავისი ლაგუნებით, 300-მდე სახეობის ფრინველით, 170 სახეობის რეპტილიით, პეპლების 250 სახეობით, ავაზებისა და კუების იშვიათი ჯიშებით. პარკი ითვლება მსოფლიოში ავაზების თავმოყრის ყველაზე დიდ ადგილად.
პინავალას ობოლი სპილოების თავშესაფარი Pinnawala Elephant Orphanage
სპილოების მონახულება თუ გინდათ, მაშინ პინავალას ნაკრძალს ეწვიეთ. სპილოების თავშესაფარი 1975 წელს დაარსდა და ჯუნგლებში ნაპოვნ, ობოლ პატარა სპილოებს უვლიან. დღესდღეობით, იქ სპილოების თითქმის სამი თაობა იზრდება.
ეს მართლაც ბედნიერი სპილოების სამფლობელოა. რამდენიმე საათის განმავლობაში სურვილისამებრ დაბანთ და გაუპრიალებთ სპილოებს ხორთუმებს, ისეირნებთ და იპოზიორებთ მათთან ერთად. სპლიყვს შეიძლება საწოვარიანი ბოთლით რძეც დაალევინოთ.
ბუდიზმის გავლენით, რომელიც მიმდევრებს მოუწოდებს ყველა ცხოველის პატივისცემისაკენ, შრი-ლანკაზე დიდი ყურადღება ექცევა გარემოს დაცვას. საერთო ჯამში კუნძულის ტერიტორიაზე მდებარეობს 12 ეროვნული პარკი და 52 ნაკრძალი, რომელთაც შრი-ლანკას მთელი ფართობის 14% უკავიათ.
შრი-ლანკა – მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ცისფერ ვეშაპებზე დასაკვირვებლად. ასევე, კუნძულის სანაპიროებზე შეიძლება კუების შვიდი სახეობის ნახვაც. და ბოლოს, შრი-ლანკა – ეს არის სამოთხე ფრინველებზე დასაკვირვებლად.
უკან დაბრუნებისას, თუ თვითმფრინავის ფანჯრიდან კიდევ ერთხელ გადახედავთ მზით განათებულ, ლურჯად მოკამკამე ინდოეთის ოკეანეს და ქოქოსის პალმებით გარშემორტყმულ ოქროსფერ ქვიშის სანაპიროს, მიხვდებით, რომ იქ მართლა მიწიერი სამოთხე დატოვეთ.
სტატია ინტერნეტში არსებულ ღია მასალებზე დაყრდნობით მოამზადა ხატია გიგოლაშვილმა