პირველი ქართველი იმპერატორის თასით - სუმოისტ გორგაძეს გამარჯვებას ულოცავენ

საქართველოს პრემიერმა განაცხადა, რომ ლევან გორგაძე საამაყო ადამიანია
Sputnik

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ქართველ სუმოისტ ლევან გორგაძეს იმპერატორის თასზე ტურნირის გამარჯვება მიულოცეს.

ტოჩინოშინის სახელით მოასპარეზე ლევან გორგაძემ 14 დღეში 13 მოგების შემდეგ შაბათს იმპერატორის თასის ტურნირი ვადაზე ადრე მოიგო.

„გილოცავთ! ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ ისტორიული გამარჯვებით იმპერატორის თასი მოიპოვა!“, — დაწერა მარგველაშვილმა სოციალური ქსელ Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

ეს პირველი ქართველი სუმოისტია, რომელმაც ასეთ გამარჯვებას მიაღწია, აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

„გილოცავთ, ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იაპონიაში იმპერატორის თასის მფლობელი გახდა! ლევანი პირველი ქართველი და მე-3 ევროპელია, რომელმაც ამ გამარჯვების მოპოვება შეძლო. გილოცავ ლევან, საამაყო კაცი ხარ!“, — დაწერა კვირიკაშვილმა Facebook-ზე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ Facebook-ზე გორგაძის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა: „გილოცავთ ქართველი სპორტსმენის კიდევ ერთ ისტორიულ წარმატებას — სუმოისტ ლევან გორგაძის მიერ იმპერატორის თასის მოგებას!“

გორგაძე დაიბადა 1987 წელს მცხეთაში. ორთაბრძოლის სხვადასხვა სახეობას ბავშვობიდან ეუფლებოდა. 16 წლის ასაკში გორგაძე ძიუდოში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის პრიზიორი გახდა, ერთი წლის შემდეგ კი მან სამბოში ევროპის ახალგაზრდული პირველობა მოიგო.

გორგაძე პროფესიონალურ სუმოს სატელევიზიო ტრანსლაციებიდან გაეცნო და სამოყვარულო დონეზე ვარჯიში დაიწყო. 2005 წლის ივლისში ტოკიოში მძიმე წონით კატეგორიაში, თეიმურაზ ჯუღელან ერთად (ამჟამად „გაგამარუ“), გუნდურ შეჯიბრებაში იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ორი ვერხცლის მედალი მოიპოვა.

192 სმ სიმაღლის გორგაძე 165 კილოგრამს იწონის.