თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. პანკისის ხეობის მოსახლეობა ითხოვს შეხვედრას საქართველოს მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან, რათა ტერორიზმთან ბრძოლის ფარგლებში ჩატარებულ სპეცოპერაციებთან და მათ შედეგებთან დაკავშირებით კითხვები დაუსვას, განაცხადა ხეობის უხუცესმა ხასო ხანგოშვილმა ტელეარხ Rustavi2 ეთერში.
სპეცრაზმმა პანკისში 19 წლის ადგილობრივი მცხოვრები თემირლან მაჩალიკაშვილი მძიმედ დაჭრა. ეს მოხდა 2017 წლის 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციისას, რომლის დროს ცნობილი ტერორისტის, ახმედ ჩატაევისა და მისი თანამზრახველებისათვის დახმარების ბრალდებით ბრალდებულები დააკავეს. სუს-ის თქმით, მას თავისა და მხრის არეში მას შემდეგ ესროლეს, რაც შენიშნეს, რომ ის ხელყუმბარის აფეთქებას ცდილობდა. დაჭრილი საავადმყოფოში ორი კვირის შემდეგ გარდაიცვალა.
„ითხოვს მოსახლეობა, შეხვედრა მოხდეს გენერალურ პროკურორთან, რადგან გამოძიებას გენერალური პროკურატურა ატარებს. ჩვენ გვაინტერესებს, სადამდე არის მისული გამოძიება, რა კუთხით მიდის. შეშფოთებას იწვევს ის გარემოება, რომ ეს ანტიტერორისტული ოპერაცია იმდაგვარად ჟღერდება, თითქოს პანკისის ხეობაში მართლაც ტერორისტები იყვნენ, ტერორისტულ ორგანიზაციებთან ჰქონდეთ კავშირი და ა.შ. მართლაც შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ ჩვენ რაღაც 6 ათასი ვართ და 6 ათასში 5-6 ტერორისტი, ძალიან ცუდად ჟღერს“, — განაცხადა ხანგოშვილმა.
უხუცესი მიიჩნევს, რომ 19 წლის მაჩალიკაშვილი განზრახ მოკლეს.
„დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ მკვლელობა მოხდა, როდესაც შეიძლებოდა ყოველგვარი ოპერაციის, ასეთი ძალადობრივი გზების გარეშე მოგვარებულიყო ეს საკითხი“, — განაცხადა ხანგოშვილმა.
პანკისის ხეობაში იმამის წარმომადგენელმა მუსა გოდერძიშვილმა მთავარ პროკურორთან შეხვედრის თხოვნა იმით ახსნა, რომ მოსახლეობას არ გააჩნია ინფორმაცია ამ საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ.
„დღემდე ჩვენ არავინ არ შეგვხვედრია და არანაირი ინფორმაცია არ გვაქს ამ მიმართულებით თუ რა მიმართულებით მიდის გამოძიება. ჩვენ გვსურს შევხვდეთ გენპროკურორს და მისგან მოვისმინოთ კითხვებზე პასუხები“, — აცხადებს მუსა გოდერძიშვილი.
პანკისელებს შოთაძის დადებითი პასუხის იმედი აქვთ.
ამჟამად ტერორისტების დახმარების ბრალდებით დაკაებულია ექვსი ადამიანი – ალდამოვი, გორნაკაშვილი, მარგოშვილი, ჩოფანაშვილი, ზურაბ იდოიძე და ანატოლი ბერძენიშვილი.
სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 331-ე მუხლით გრძელდება, რაც ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.
ჩატაევი და მისი ორი თანამზრახველი ცოცხლები აღარ არიან. პირველმა თავი აიფეთქა, დანარჩენების ლიკვიდაცია კი თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას (2017 წლის 21-22 ნოემბერს) მოხდა. მათი კიდევ ერთი თანამზრახველი, შოაიფ ბორზიევი სპეცოპერაციის დასაწყისში დააკავეს.