ოზურგეთში ხანძრის შედეგად ხუთი ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა

ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
Sputnik

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ორსართულიან საერთო საცხოვრებელში ხანძარი დღეს დილით გაჩნდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.  

სიღნაღში ხანძარს 80 წლის მოხუცი ემსხვერპლა

მომხდარი ხანძრის შედეგად დაბა ლაითურში ხუთი ოჯახი დაზარალდა. დაზიანდა საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი. ადგილზე ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ქობულეთის სახანძრო-სამაშველო ბრიგადები მუშაობდნენ.

„ხანძრის შედეგად ხუთი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის. დაზარალებულები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისგან შესაბამის დახმარებას მიიღებენ, იქნება ეს მათი ალტერნატიული ფართით, ქირით თუ სამშენებლო მასალებით უზრუნველყოფა“, – აღნიშნა ოზურგეთის მერის მოადგილემ ოსიკო თოთიბაძემ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „Sputnik–საქართველოს“ განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია 187-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით და ითვალისწინებს სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.