„ყველა ერთისთვის“ – თბილისში ნარკოპოლიტიკის შემსუბუქების მოთხოვნით აქცია გაიმართა

თბილისის ცენტრში გამართული აქციის მონაწილეები ნარკოპოლიტიკის შემსუბუქებასა და არაკეთილსინდისიერი პოლიციელების დასჯას ითხოვდნენ
Sputnik

თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. თბილისში, პარლამენტის შენობის წინ რამდენიმე ასეული ადამიანი აქციაზე შეიკრიბა. ისინი მხარს უჭერენ ყოფილ ტელეწამყვანს, მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს (მეტსახელად „ბახალა“), რომელიც სასამართლომ ამ კვირაში, განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნარკოტიკის უკანონო შეძენა–შენახვის გამო, რვა წლით საპატიმროში გაუშვა. 

განაჩენის მიზეზი ის გახდა, რომ მსახიობს 45 აბი სუბუტექსი აღმოუჩინეს. გიორგანაშვილის ოჯახი და მეგობრები აცხადებენ, რომ ნარკოტიკი მას პოლიციელებმა ჩაუდეს. ამის დასადასტურებლად ისინი აცხადებენ, რომ საქმის მასალებში მხოლოდ პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებია. თავად მსახიობიც ამბობს, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს. ის ბრალს არ აღიარებს.

აქცია ჩატარდა სახელწოდებით „ყველა ერთისთვის“. შეკრებილებს ხელში ეკავათ პლაკატები წარწერებით: „კანონი ადამიანს უნდა იცავდეს“, „მოვითხოვთ სამართლიან სასამართლოს“ და სხვა.

აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს შორის, გარდა გიორგანაშვილის გათავისუფლებისა, ასევე იყო ნარკოპოლიტიკის შემსუბუქება, პოლიციის რეფორმა, პოლიციელების დასჯა, რომლებიც თითქოს ნარკოტიკებს უდებენ და ნარკოპოლიტიკის შემსუბუქების მხარდამჭერი აქციების დისკრედიტაციის შეწყვეტა.

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია ერთი წლით გადაიდო

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ გიორგი გორგანაშვილი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან, გათავისუფლდეს „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტი ბექა წიქარიშვილი, რომელიც სასამართლოს შენობასთან გიორგი გიორგანაშვილის განაჩენის გამოცხადების შემდეგ დააკავეს (მან სასამართლოს მთავარი შესასვლელი კარის შუშას აგური ესროლა და ჩაამტვრია), დაისაჯონ საქმეში მონაწილე პოლიციელები, უმოკლეს ვადებში შეიცვალოს ნარკოპოლიტიკა. ისინი მოუწოდებენ პრეზიდენტს, გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება და შეიწყალოს გიორგანაშვილი.

ნარკომომხმარებელთა მიმართ ლიბერალური მიდგომა მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთ წინასაარჩევნო დაპირებას წარმოადგენს. ხელისუფლებამ ამ საკითხზე მუშაობა დაიწყო 2017 წლის ივნისში, თბილისის ცენტრში გამართული საპროტესტო აქციების შემდეგ, რომლებზეც ათასობით ადამიანი იკრიბებოდა.

ნარკომომხმარებელთა მიმართ სახელმწიფოს პოლიტიკის შერბილება ერთი წლით შეიძლება გადაიდოს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ. მისი თქმით, დეკრიმინალიზაცია ქვეყანაში არ იქნება შემოღებული მანამდე, სანამ არ იქნება მზად ინფრასტრუქტურა იმისათვის, რომ ეს სერვისები საპატიმრო სასჯელის ნაცვლად იყოს უზრუნველყოფილი.