ვლადიმირ ვისოცკი – შემოქმედება დროისა და სივრცის მიღმა

ვლადიმირ ვისოცკის – დიდ შემსრულებელს, ავტორს, მუსიკოსს, პოეტს, მსახიობს – 25 იანვარს 80 წელი შეუსრულდებოდა
Sputnik

თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. როგორ მიაგებენ პატივს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ვლადიმირ ვისოცკის და ახდენს თუ არა გავლენას საკულტო მომღერლის, პოეტისა და მუსიკოსის შემოქმედება თანამედროვე თაობაზე – ამაზე იმსჯელეს ვიდეოხიდის მონაწილეებმა თბილისში, მინსკში, ერევანში, ბიშკეკში, კიშინიოვსა და ტალინში. 

ღონისძიება მიეძღვნა ვისოცკის დაბადებიდან 80 წლისთავს, ასევე კონცერტ–სპექტაკლს „მაქვს რაღაც სამღერი…“, რომელიც 27 იანვარს გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო რუსული დრამატურლი თეატრის დიდ სცენაზე გაიმართება. საინფორმაციო პარტნიორია საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik–საქართველო“. 

საესტრადო შემსრულებლის, ვახტანგ გორდელი–ფალიაშვილის თქმით, მისი შეხვედრა ვისოცკის შემოქმედებასთან ყმაწვილობისას შედგა, ხოლო პირველი სიმღერა, რომელმაც წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა, იყო Я не люблю.

 „ვისოცკის საქართველოსთან ბევრი რამ აკავშირებდა. პირველ რიგში, აქ დაქორწინდა ის მარინა ვლადიზე. ის ხშირად სტუმრობდა ჩვენს რეჟისორს, სერგო ფარაჯანოვს, იცნობდა კოტე მახარაძეს. ის ხშირად იმყოფებოდა თბილისში, უყვარდა საქართველო“, – განაცხადა მუსიკოსმა.

გარდა დიდი მსახიობის გახსენებისა, შეხვედრის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს იმის თაობაზე, თუ რამდენად პოპულარულია ვისოცკი თანამედროვე ახალგაზრდებს შორის და როგორ აფასებს მის შემოქმედებას მოზარდი თაობა. ღონისძიებაზე Sputnik–ის პრეს–ცენტრების სტუმრებმა ვისოცკის ლექსები წაიკითხეს და სიმღერები შეასრულეს.

კონცერტში „მაქვს რაღაც სამღერი…“ მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და რუსი შემსრულებლები.

მათ შორის არიან: ბორის დრაგილევი, თიმურ შაოვი (რუსეთი), ვახტანგ კიკაბიძე, ირმა სოხაძე, მაია ბარათაშვილი, თემურ თათარაშვილი, ზურაბ დოიჯაშვილი, ვახტანგ გორდელი–ფალიაშვილი და სხვები.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ გრიბოედოვის თეატრის მსახიობები: ირინა მეღვინეთუხუცესი, ნანა დარჩიაშვილი, მიხეილ არჯევანიძე, ნინო კიკაჩეიშვილი და ნინო ნინიძე.

საპატიო სტუმრების რანგში საღამოს დაესწრებიან მოსკოვიდან ფოტოხელოვანი და ჟურნალისტი იური როსტი, ფოტომხატვარი ეკატერინა როჟდესტვენსკაია, ვისოცკის შემოქმედების სპეციალისტი ანდრეი კრილოვი, რუსეთის ლიტერატურისა და ხელოვნების სახელმწიფო არქივის დირექტორი ტატიანა გორიაევა, რუსეთის კულტურის ყოფილი მინისტრი ნატალია დემენტიევა, რუსეთის ყველაზე დიდი წიგნების მაღაზიის Москва დირექტორი მარინა კამენევა და სხვები.

ვისოცკიმ თავისი ცხოვრების 42 წლის განმავლობაში შექმნა 600-ზე მეტი სიმღერა, 200-ზე მეტი ლექსი, გადაღებულია 30-ზე მეტ ფილმში, თეატრში შეასრულა 20-ზე მეტი როლი. მას არ სწყალობდა საბჭოთა ხელისუფლება, მაგრამ ჰქონდა ხალხის უდიდესი სიყვარული, მათ შორის უცხოეთში. ვისოცკის შემოქმედება არ კარგავს აქტუალურობას მისი გარდაცვალებიდან თითქმის 40 წლის შემდეგაც.