თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. საუდის არაბეთში აქლემების ყოველწლიური სილამაზის კონკურსიდან 12 აქლემი მოხსნეს იმის გამო, რომ ბოტოქსის ინექცია ჰქონდათ გაკეთებული, იუწყება გამოცემა The Guardian-ი.
აქლემების სილამაზის საკვანძო პარამეტრებად თხელი ყურები და უხეში ცხვირ-პირი მიიჩნევა. ამიტომ ზოგმა მეპატრონემ გადაწყვიტა, ბოტოქსით დაებერათ მათთვის „ნაკვთები“ და ისე გაეყვანათ კონკურსზე, რათა გამარჯვების მეტი შანსი ჰქონოდათ.
როგორც ერთ-ერთმა სელექციონერმა განაცხადა, აქლემებს ბოტოქსით ცხვირები, „ტუჩები“ და ლოყები ჰქონდათ დაბერილი, რაც თავს დიდს აჩენს და ცხოველს უჩვეულო გამომეტყველებას სძენს.
„აქლემური თაღლითობა“ მას შემდეგ გამჟღავნდა, რაც ერთ-ერთი კლინიკის ვეტერინარს ცხოველისთვის პლასტიკური ოპერაციის კეთებაზე წაასწრეს. და ეს იმ დროს, როდესაც საკონკურსე აქლემებისთვის ნებისმიერი პრეპარატის მიცემა და სხეულის რაიმე ნაწილის მოკვეთა ან შეცვლა ფესტივალის წესებით მკაცრადაა აკრძალული. შესაბამისად, ყველა ბოტოქსგაკეთებული კონკურსანტი შეჯიბრებიდან მოხსნეს.
აქლემების ტრადიციული ფესტივალი ერ-რიადში ტარდება და 28 დღე გრძელდება. გარდა სილამაზის კონკურსისა, ფესტივალი ასევე მოიაზრებს ჯირითში შეჯიბრებასა და სხვა კონკურსებს.
რაც შეეხება საპრიზო ფონდს, ის 31,8 მლნ დოლარს უტოლდება და, როგორც ჩანს, სწორედ თანხის რაოდენობამ განაპირობა აქლემების მეპატრონეებს თაღლითური ნაბიჯები.