პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ახალი ბიზნეს-ომბუდსმენი წარადგინა

ახალი ბიზნეს-ომბუდსმენი „მთავრობაში ბიზნესის ხმა“ უნდა გახდეს, მიიჩნევს პრემიერი.
Sputnik

თბილისი, 25 იანვარი — Sputnik.  საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ახალი ბიზნეს-ომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე წარადგინა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის პრეს–სამსახურის განცხადებაში.

ქვეყანაში 2011 წელს შეიქმნა საგადასახადო ომბუდსმენის ინსტიტუტი. 2015 წლის 5 ივნისიდან კი ძალაში შევიდა კანონი „საქართველოს ბიზნეს-ომბუდსმენის შესახებ“, რომლის საფუძველზეც ინსტიტუტმა მოღვაწეობა ახალი სახელით გააგრძელა

„ის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი რგოლი ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობაში. არის ძალიან წესიერი ადამიანი და კარგი პროფესიონალი. დარწმუნებული ვარ, რომ ირაკლი გააგრძელებს ამ მიმართულებას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ნამდვილად უნდა ითქვას, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში გახდა ეს ინსტიტუტი ძალიან ეფექტური, და იმ კარგ ტრადიციას, რომელიც ამ სამსახურში შეიქმნა. ის იქნება ბიზნესის ხმა ხელისუფლებაში, მინდა მას წარმატება ვუსურვო", — განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე. 

ახალი შესაძლებლობები ბიზნესისთვის - რაზე ისაუბრებს საქართველოს პრემიერი დავოსში

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ლექვინაძე პროფესიით იურისტი და ბიზნეს–ადმინისტრირების დოქტორია. სხვადასხვა დროს იყო სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამების კონსულტანტი და „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე–პრეზიდენტი.

პირველი საგადასახადო ომბუდსმენი გიორგი პერტაია გახდა, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე 2012 წლის ივლისში მაია მერედოვამ ჩაანაცვლა.

2013 წლის მარტიდან 2015 წლის ივნისის ჩათვლით საგადასახადო ომბუდსმენის პოსტი ეკავა ამჟამინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გვახარიას, 2015 წლის ივნისიდან 2016 წლის ივლისის ჩათვლით კი ის ბიზნეს–ომბუდსმენი გახდა.